2022 წლის თებერვლის ბოლომდე მსოფლიოში პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთან აზრი ჯერ კიდევ იყოფოდა იმ საკითხთან დაკავშირებით, შეიჭრებოდა რუსეთი უკრაინაში, თუ მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან დიდი ძალის მობილიზება მოსკოვის მხრიდან ძალის დემონსტრაცია და ზეწოლის მცდელობა იყო. ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ დასავლელი პარტნიორების საუბარი, თითქოს უკრაინაში ომი დაიწყებოდა, პანიკა იყო. 24 თებერვალს ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა წინა მოვლენები და გავრცელებული ცნობები რუსეთის გეგმებზე ნაწილობრივ უკვე მიუთითებდა.
ომის ნიშნები
მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ იანვრის ბოლოს რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩაიტანა, ფაქტობრივად უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ რუსული ჯარი, დაახლოებით 300 000 სამხედრო ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში მხოლოდ დისლოკაციის შეცვლისა და სამხედრო წვრთნების მიზნით არ ყოფილა. ეს ცნობები უკვე თებერვლის შუა რიცხვებში პენტაგონშიც დაადასტურეს. პარალელურად, 17 თებერვლიდან სიტუაცია დონბასის ოკუპირებულ რეგიონში მზარდად იძაბებოდა, სეპარატისტები პროვოკაციებს განაგრძობდნენ. უკვე 18 თებერვალს სეპარატისტულ რეგიონებში ხალხის ევაკუაციაც დაიწყეს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარს ემთხვეოდა.
მნიშვნელოვანი იყო ის მინიშნებებიც, რომლებსაც აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, როგორც ჩანს, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა. ჯერ კიდევ 20 იანვარს ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, რაც მომავალში კიდევ ორჯერ, ჯერ 17 თებერვალს, შემდეგ კი 19 თებერვალსაც გაიმეორა.
კიდევ უფრო დიდ ეჭვს აჩენდა 10 თებერვალს ბელარუსში დაწყებული წვრთნები, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობდა. ეს მოქმედებები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ რიცხვში დასრულების ნაცვლად სამხედრო წვრთნების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე დღეს ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობდა, რომ ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი აპირებდა უკრაინაში შეჭრას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბელარუსიდან.
ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინაში დღე-დღეზე შეიჭრებოდა, უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა. 20 თებერვალს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა თუ როგორ გადაადგილდებოდა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რუსული ჯავშანტექნიკა, რომლებზეც თეთრად იყო გამოსახული ასო Z. სამხედრო ანალიტიკოსებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ მსგავსი აღნიშვნები გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების დროს, როცა მხარეებს მსგავსი ჯავშანტექნიკა აქვთ და მეგობრული ცეცხლის თავიდან არიდება სურთ. უკვე ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი იყო.
დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთი გეგმავდა ოპერაციებს ცრუ დროშის ქვეშ, რომლებსაც შემდეგ უკრაინას დააბრალებდა. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა 17 თებერვალს სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საბავშვო ბაღის საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა იყო. შემდეგ დღეებში მოსკოვი უკრაინას აბრალებდა, რომ მათი ნასროლი ჭურვი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თუმცა ამ ყველაფერს უფრო მასშტაბური დეზინფორმაცია მოჰყვა. 21 თებერვალს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა გაავრცელა ცნობა, თითქოს მათ საკუთარ ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში უკრაინელი დივერსანტების ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. რუსული ვერსიით, ჯავშანტრანსპორტიორებმა საზღვარი უკრაინელი სამხედროების გამოყვანის მიზნით გადაკვეთეს. მათივე მტკიცებით, მათ მოკლეს 5 სამხედრო და გაანადგურეს ორივე ჯავშანტექნიკა. შემდეგში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეთაურმა თქვა, რომ მათ ერთი უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
უკვე 22 თებერვალს ესკალაციამ ცხადად გარდაუვალი სახე მიიღო, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ დღეს სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვლადიმირ ლენინის მიერ არის “შექმნილი” და პირდაპირი მუქარის სიტყვები გააჟღერა:
“ახლა კი, "მადლიერმა" შთამომავლებმა აიღეს ლენინის ძეგლები. ამას მათთან დეკომუნიზაციას ეძახიან. დეკომუნიზაცია გსურთ? რა გაეწყობა, ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. მაგრამ არ უნდა გაჩერდე შუა გზაზე. მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია”. - თქვა პუტინმა.
ამას გარდა, ამავე დღეს პუტინმა ზელენსკის სიტყვები 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმთან (რომლის საფუძველზეც უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დარჩენილი ბირთვული იარაღი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დათმო) დაკავშირებით სამომავლო პროპაგანდისთვის გამოიყენა. ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ 1994 წლის გადაწყვეტილებები, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. პუტინის შეფასებით, ეს სიტყვები პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას აპირებდა.
უკრაინაზე თავდასხმა იწყება
24 თებერვალს უკრაინის გარშემო სპეკულაციები დასრულდა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. მან მიზნად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა "დაცვა" და ამ მიზნით უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. საბრძოლო მოქმედებები პუტინის სიტყვით გამოსვლიდან მალევე დაიწყო. იერიშების სამიზნეები თითქმის უკრაინის ყველა ოლქში მდებარე სხვადასხვა ობიექტი გახდა.
ამავე დღეს დაიწყო ბრძოლები სტრატეგიული ობიექტებისთვისა და მნიშვნელოვანი ქალაქებისთვის. ეჭვები გამართლდა და რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად ბელარუსის ტერიტორიაც გამოიყენა. დაიკავეს ჩერნობილის დახურული ზონა, რომელიც ოკუპანტებს კიევზე იერიშისთვის გზის შესამოკლებლად სჭირდებოდათ. რუსებმა დესანტი გადასხეს კიევიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ანტონოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გოსტომელის ბრძოლაც დაიწყო. უკრაინელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ოკუპანტებმა აეროპორტის დაკავება შეძლეს, თუმცა ბრძოლის შედეგად ინფრასტრუქტურა იმდენად დაზიანდა, რომ მისი სტრატეგიული მიზნებით გამოყენება შეუძლებელი გახდა. კიევის მიმართულების ფარგლებში დაიწყო ბრძოლა ბუჩისა და ირპენისთვისაც. ოკუპანტებს ამ ქალაქების დაკავება უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოსაქცევად სურდათ.
ომის პირველი ეტაპის მთავარი სირთულე უკრაინისთვის ის იყო, რომ საბრძოლო მოქმედებები თითქმის ყველა მიმართულებით მიმდინარეობდა: აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. მნიშვნელოვანი იყო ხერსონზე დაწყებული თავდასხმები. სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთს ეს ოლქი ანექსირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც სჭირდება. პარალელურად, პრორუსულმა სეპარატისტულმა ძალებმა რუსეთის არმიის დახმარებით ოლქების სრულად დაკავების ოპერაცია დაიწყეს. ოკუპანტები დაიძრნენ ხარკოვის მიმართულებითაც.
როგორც ჩანს, ომის საწყის ეტაპზე მოსკოვს რამდენიმე სამიზნე ჰქონდა, ერთი მხრივ, მათ სურდათ, კონტროლი დაემყარებინათ ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, მეორე მხრივ კი, კიევის მიმართულებით დედაქალაქი ალყაში მოექციათ, აეღოთ და მთავრობა გადაეგდოთ. თუმცა, კიევის მიმართულებით რუსებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, რაშიც გარკვეული როლი ითამაშა ბელარუსი "სარკინიგზო პარტიზანების" ქმედებებმაც, რადგან მათ ბელარუსში მდებარე ლიანდაგები მწყობრიდან გამოჰყავდათ.
სამხრეთ-აღმოსავლეთის მიზნების მისაღწევად, მოსკოვს რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქზე კონტროლი სჭირდებოდა. მათ შორის იყო მელიტოპოლი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში რეგიონული დედაქალაქის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია. ამას გარდა, ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული საპორტო ქალაქის, მარიუპოლის დაკავებაც, რომლის მეშვეობითაც დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებს ანექსირებულ ყირიმთან დააკავშირებდნენ. შესაბამისად, ბრძოლები ომის დაწყების პირველივე დღეებში ამ მიმართულებითაც დაიწყო.
რუსეთს პრეტენზია ოდესის ოლქზეც უნდა ჰქონდეს, ამიტომ მათთვის საჭირო იყო შავ ზღვაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ზმეინის კუნძულის დაკავებაც. სწორედ ამ კუნძულის დაკავების ფარგლებში მიმართეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ სამხედრო ხომალდ Москва-ს ცნობილი სიტყვებით.
საომარი მოქმედებების პარალელურად, დასავლეთსა და დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებში რუსეთისთვის სანქციების პირველი პაკეტების დაწესება დაიწყეს. სანქციების ახალი პაკეტების მიღება დღესაც გრძელდება. შეზღუდვები ძირითადად შეეხო რუსულ ფინანსურ სისტემებს, ინდუსტრიულ დარგებს, უშუალოდ რუს ბიზნესმენებსა და პირებს, რომლებიც უკრაინაში პუტინის ომს აფინანსებდნენ.
ომის პირველ კვირაში მსოფლიოში ჯერ კიდევ გაურკვევლობა იყო, ვერ ხვდებოდნენ თუ საით მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები, ვის ჰქონდა უპირატესობა ბრძოლის ველზე. ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო გააღრმავა ბელარუსის საზღვართან რუსეთთან მოლაპარაკებების პირველმა მცდელობამ, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ წარუმატებლად დასრულდებოდა. როგორც ჩანს, შიშები, რომ კიევი 3 დღეში დაეცემოდა და თითქოს მოლაპარაკებებზე დათანხმება უკრაინის სისუსტეზე მიუთითებდა, ცრუ განგაში გამოდგა და უკრაინელთა წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.
მარტი – მოლაპარაკებები და რუსეთის პირველი დიდი მარცხი
პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა მიაღწიეს, 3 მარტი იყო, როდესაც მათ ქალაქი ხერსონი დაიკავეს. ეს იყო პირველი დიდი ქალაქი და ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელზე კონტროლიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ მოიპოვეს. ხერსონის დაკავებას ადგილობრივები პროტესტით შეხვდნენ. ამის შემდეგ, რუსეთის წინსვლა უკრაინაში შედარებით შეფერხდა.
მარტში კიევმა დასავლეთისგან უკრაინის ცის ჩაკეტვის მოთხოვნა აქტიურად დაიწყო. ალტერნატიულ ვარიანტად უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების მიღებას ასახელებდა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 9 მარტს მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვა, რომელსაც დიდი საერთაშორისო აჟიოტაჟი მოჰყვა და დაიწყო საუბარი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვით დახმარებაზე. პოლონეთი, აშშ-ს შუამავლობით, უკრაინისთვის МиГ-29-ების გადაცემას ცდილობდა, თუმცა მხარეებს შორის გაუგებრობისა და ვაშინგტონის უარის გამო ეს გეგმა ვერ შედგა.
წინსვლის შეფერხებასთან ერთად, მარტის დასაწყისში რუსულმა მხარემ დაიწყო ახალი პროპაგანდისტული ნარატივების განვითარებაც. რუსული ორგანოები შეუდგნენ სცენარის გაღვივებას, თითქოს ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიები აქვს, სადაც ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობენ. ამ დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, აშშ-ში გაჩნდა შიშები, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდა. ამავე დღეებში განახლდა საუბარი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან მომავალ შესაძლო რადიაციულ საფრთხესთან დაკავშირებით. ნელ-ნელა პრობლემური ხდებოდა ზაპოროჟიეს ატომური სადგურიც, რომლის დაკავებაც ოკუპანტებმა 4 მარტს შეძლეს.
უკვე 15 მარტს პენტაგონი აცხადებდა, რომ უკრაინაში რუსეთის წინსვლა, პრაქტიკულად, შეჩერებული იყო. ამ პერიოდში, როცა თითქოს ორივე მხარე ჩიხში იყო შესული, კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც რუსები ამბობდნენ, დიპლომატიური საუბრები ეხებოდა უკრაინის ნეიტრალიტეტსაც. კვლავ ცხადი იყო, რომ მოლაპარაკებების ეს მცდელობებიც უშედეგოდ დასრულდებოდა, რადგან მხარეები ერთმანეთისთვის მიუღებელ მოთხოვნებს აყენებდნენ. პარალელურად, მოვლენების ნელი ესკალაცია გაგრძელდა. სიტუაცია ალყაში მყოფი მარიუპოლის გარშემო მზარდად დაძაბული ხდებოდა, თუმცა ქალაქისთვის უმძიმესი დღეები ჯერ კიდევ წინ იყო. სიტუაცია აღმოსავლეთში უკრაინისთვის ნაკლები წარმატებით ვითარდებოდა, დროებით დაკარგეს ქალაქი იზიუმი. თუმცა ფრონტის ამ ხაზზე უკუსვლა კიევის მიმართულების პრიორიტეტულობით იყო განპირობებული. მარტის ბოლოსთვის დედაქალაქის გარშემო უკრაინელებმა ნელ-ნელა აქტიური კონტრიერიში წამოიწყეს. ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა ქალაქი ირპენის გათავისუფლება.
მარტის მიწურულს მოლაპარაკებები და უკრაინის ნეიტრალიტეტზე საუბარი კვლავ გრძელდებოდა, თუმცა, ახლანდელი გადმოსახედიდან როგორც ჩანს, ამ პროცესით ორივე მხარე სტრატეგიულად სარგებლობდა. უკრაინა მოლაპარაკებებით დროის მოგებას ცდილობდა, მაშინ, როცა კიევის მიმართულებით დაწინაურებას იწყებდნენ, ხოლო მოსკოვი უკრაინის დედაქალაქის მიმართულებიდან ჯარის გამოყვანის საფუძველს ამზადებდა, რათა საკუთარი არმიისთვის სახე შეენარჩუნებინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 29 მარტს განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე საუბარი "პრაქტიკულ სიბრტყეში" გადავიდა, "ორმხრივი ნდობის გასაზრდელად" გადაწყდა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საბრძოლო აქტიურობის "მნიშვნელოვნად შემცირება". უკვე ცხადი იყო, რომ ამ ფორმით მოსკოვი კიევის მიმართულებით საკუთარი წარუმატებლობის დაფარვას და "კეთილ ნებად" შენიღბვას ცდილობდა. თავდაპირველად ამ განცხადებას უკრაინა და დასავლეთი არ ენდობოდა, თუმცა მალე, 2 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთის დატოვება მართლა დაიწყეს. მითი, რუსეთის კონვენციური ძალების სიძლიერეზე უკვე ცხადად ჩამოიშალა.
აპრილი – ბუჩის ტრაგედია და მძიმე დარტყმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე
აპრილი რუსეთ-უკრაინის ომში მრავალმხრივ გარდამტეხი თვე გამოდგა, როგორც რუსეთის დანაშაულების გამოაშკარავების, ისე უკრაინის შეიარაღებისა და მათი დაწინაურებისთვის საფუძვლის შესაქმნელად.
უკრაინის ჩრდილოეთიდან ოკუპანტების გასვლასთან ერთად, ცნობილი გახდა ის დანაშაულებიც, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ბუჩაში ჩადიოდნენ. გათავისუფლებული ქალაქიდან გავრცელებულმა ცნობებმა და სცენებმა მთელი დასავლეთი შეაშფოთა, რუსეთი კი განაგრძობდა მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო. შესაძლოა, ამ მოვლენებმა დასავლეთში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარებაც კი გამოიწვია.
საინტერესოა, რომ აპრილში გაჟღერდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი ბრალდება, რომ უკრაინელებმა მათ ტერიტორიაზე მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. კერძოდ, საუბარი იყო უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობის საცავში მომხდარ ხანძარზე. ეს ბრალდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ არც უარყო და არც დაადასტურა. ამ მოვლენას საეჭვოდ დაემთხვა ხანძრები რუსეთში სხვადასხვა ობიექტზე, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ამავე თვის დასაწყისში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პირველად თქვა საჯაროდ, რომ ვაშინგტონი უკრაინას სადაზვერვო მასალებით ეხმარებოდა. ამით ცხადი გახდა, რომ უკრაინელების წარმატებული წინააღმდეგობა არა მხოლოდ დასავლეთისა და პარტნიორების მიერ მიწოდებულ ჯაველინების, NLAW-ებისა და ბაირაქტარის ტიპის დრონების, არამედ სანდო და საჭირო ინფორმაციის შედეგიც იყო.
მნიშვნელოვანია, რომ აპრილში დაიწყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, თავდაპირველად მხოლოდ მცირე ნაბიჯებით და სლოვაკეთის ერთი С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემით, თუმცა ეს მომავალი დახმარებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
ბუჩის ტრაგედიის შემდეგ, აპრილის დასაწყისში კიდევ ერთი მოვლენა მოხდა, რამაც დასავლური სამყაროს დიდი შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია. კერძოდ, რუსეთმა იერიში მიიტანა დონეცკის ოლქში მდებარე კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ. მოსკოვი შემთხვევაში მონაწილეობას უარყოფდა.
მოვლენების გამწვავებასთან ერთად, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებმა თავისი სტრატეგიული ფუნქცია ამოწურა და მხარეები ჩიხში დაბრუნდნენ, რაც თავად ვლადიმირ პუტინმაც თქვა.
13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდს, კრეისერ Москва-ს ორი რაკეტა მოარტყეს, რამაც გემი დააზიანა. როგორც შემდეგში გაირკვა, ეს უკრაინული წარმოების ნეპტუნის ტიპის რაკეტები იყო. მალევე რუსეთმა აღიარა, რომ ხომალდი დაზიანებული იყო და ეკიპაჟის ევაკუაცია მოუწიათ, თუმცა არ სახელდებოდა აფეთქების მიზეზები. უკვე 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კრეისერი ბუქსირების დრო ჩაიძირა. ისინი შემთხვევის მიზეზად საბრძოლო მასალის აფეთქებას ასახელებდნენ, თუმცა პენტაგონში მალევე დაადასტურეს, რომ გემი უკრაინული ნეპტუნების ზუსტი იერიშის შედეგად დაზიანდა. ეს დანაკარგი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, როგორც მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურად, რადგან შემთხვევა დაუცველობის შეგრძნებას აჩენდა.
ამ ყველაფერთან ერთად, გრძელდებოდა ხარკოვზე იერიშების მიტანა, ხოლო მარიუპოლის მიმართულებით ვითარება ნელ-ნელა დაძაბულობის პიკს უახლოვდებოდა.
აზოვსტალი – მიწისქვეშა ციხესიმაგრე ალყაში და ომის მეორე ფაზის დასაწყისი
მარიუპოლში, სადაც რუსეთი, ფაქტობრივად, ჩეჩნეთის ომის ტაქტიკებს იყენებდა, აპრილის შუა რიცხვებისთვის უკვე განსაკუთრებით მძიმე ვითარება იდგა. ოკუპანტები ალყაში მდებარე ქალაქის დიდ ნაწილს იკავებდნენ და უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ დარჩა მხოლოდ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეებიც აფარებდნენ. მარიუპოლში წინააღმდეგობას ძირითადად აზოვის პოლკი და საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადა წევდა.
აზოვსტალის ქარხანა ფართო მიწისქვეშა სისტემაა, მრავალი გვირაბით, რაც ობიექტის კარგად გამაგრების საშუალებას იძლეოდა. 17 აპრილს რუსეთმა მარიუპოლის მცველებს დანებება მოსთხოვა, თუმცა მებრძოლებმა უარი თქვეს და ბრძოლა განაგრძეს. ორი დღის შემდეგ, 19 აპრილს ოკუპანტებმა ქარხანაზე დიდი იერიში წამოიწყეს, მომდევნო დღეს კი მცველებს დანებება კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, თუმცა აზოვის პოლკსა და ეროვნულ გვარდიას ბრძოლა კვლავ არ შეუწყვეტია. როგორც ჩანს, ქარხანაზე დაწყებული შტურმი რუსეთისთვის დიდ დანაკარგებთან იყო დაკავშირებული და 21 აპრილს ვლადიმირ პუტინმა აზოვსტალზე იერიშის ბრძანება გააუქმა, “ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვის” მიზნით.
აზოვსტალის გარშემო მზარდი დაძაბულობის პარალელურად, რუსეთმა უკრაინაში ომის ახალი ეტაპი წამოიწყო, როგორც ეს თავდაპირველად 18 აპრილის მიწურულს ზელენსკის ოფისის მეთაურმა, ანდრიი ერმაკმა დაწერა. დაიწყო უკრაინის ფრონტის ხაზის გარღვევა სამი მიმართულებით. 19 აპრილს თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ მათ ახალი ფაზა წამოიწყეს. ოკუპანტებმა მეორე ეტაპის მთავარ მიზნებად დონბასისა და სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის სრულად მოპოვება და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის, დნესტრისპირეთთან დაკავშირებაც ახსენეს.
ახალი ფაზის დადგომასთან ერთად, დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აქტიურად დაიწყო. მეტიც, პენტაგონმა გერმანიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის ცენტრი შექმნა.
ამ ყველაფერთან ერთად, მარიუპოლში რუსეთმა გამოაცხადა, რომ აზოვსტალიდან, ევაკუირებულთა მშვიდობიანად გამოსვლისთვის, ცეცხლს არ გახსნიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებაში მალე გაეროც ჩაერთო. ევაკუაციის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა აპრილის ბოლოსთვის ევაკუაცია, ნაწილობრივ, მაინც მოხერხდა.
ომის ახალ ფაზასთან ერთად პროვოკაციები დაიწყო სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, თუმცა, მოვლენებს ესკალაციის სახე არ მიუღია და უკრაინას ამ მიმართულებიდან საფრთხე არ შეჰქმნია.
ვლადიმირ პუტინმა ამავე პერიოდში გააჟღერა ბირთვული მუქარა, რომ თუ ვინმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერეოდა, მაშინ ის რუსეთისგან "ელვისებურ პასუხს" მიიღებდა. ეს მოსკოვის მხრიდან ბირთვული რიტორიკისა და შანტაჟის სტრატეგიის დასაწყისი იყო.
"ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთები, რომლებითაც ახლა ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ კი ტრაბახს არ ვაპირებთ, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, საჭირო თუ გახდება და მინდა, ამის შესახებ ყველამ იცოდეს". – ამბობდა პუტინი.
პარალელურად, გაეროს შუამავლობით აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის გაყვანა შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე, 4 მაისს ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მათი მოგერიება მცველებმა შეძლეს. აზოვსტალის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი კვლავ განახლდა.
აზოვსტალელების მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, ფაქტობრივად მთელ ქალაქს უკვე რუსული ძალები აკონტროლებდნენ და შესაბამისად გეგმა, რომ ანექსირებულ ყირიმამდე სახმელეთო ხიდი გაეყვანათ, თითქმის შესრულებული იყო. ამიტომაც, უკვე დაიწყო საუბარი უკრაინის ოკუპირებული მიწების ანექსიაზე. თავდაპირველად, აშშ-ს დაზვერვა ვარაუდობდა, რომ მოსკოვი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიას მაისში აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, კრემლის გეგმები უკრაინელთა წინააღმდეგობის შედეგად გადაიდო.
აზოვსტალის ალყა პარალელურად ბოლო ფაზაში შედიოდა, გამაგრებული სამხედროები დაჭრილების ევაკუაციას ითხოვდნენ. მოლაპარაკებებში თურქეთიც ჩაერთო. მათი შუამავლობით შესაძლებელი გახდა როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე დაჭრილებისა და სამხედროების გამოყვანა. ჯარისკაცები რუსეთმა ტყვეებად აიყვანა და მათზე მოლაპარაკებები მომავალში გააგრძელეს. საბოლოოდ, აყვანილი ტყვეების ნაწილი, შეთანხმების შედეგად, თურქეთში მოხვდნენ, სადაც ომის დასრულებამდე უნდა დარჩნენ.
მართალია, რუსეთმა მარიუპოლი დაიკავა, თუმცა, რადგან მათი ძალები ძირითადად ამ მიმართულებით იყო მობილიზებული, უკრაინამ წარმატების მიღწევა ქალაქი ხარკოვის გარშემო შეძლო. ეს დაწინაურება მომავალში მნიშვნელოვანი გამოდგა ხარკოვის კონტრიერიშისთვის.
მაისში მოვლენები მსოფლიოშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ რუსეთი NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი იყო, მაისის შუა რიცხვებში ფინეთისა და შვედეთის სახით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი პოტენციური წევრები მიიღეს. თუმცა ეს პროცესი თურქეთმა შეაფერხა, რადგან ანკარა ამ ორ ქვეყანას ქურთული ჯგუფების მხარდაჭერას აბრალებდა.
მძიმე ბრძოლები დონბასში და HIMARS-ები გზაში
მას შემდეგ, რაც მარიუპოლი ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა, რუსეთმა იერიში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში გააძლიერა, კერძოდ, სევეროდონეცკის მიმართულებით. კიევის კონტროლის მიღმა აღმოჩნდა ქალაქი ლიმანი. დამპყრობლები დონბასში ნელ წინსვლას აღწევდნენ, ცდილობდნენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას. მაისის ბოლოსთვის ლუგანსკის ოლქის 95%-ს რუსეთი აკონტროლებდა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა 30-31 მაისს, როდესაც ბრძოლამ სევეროდონეცკის მისადგომებიდან უშუალოდ ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. რუსეთს სევეროდონცეკის დაკავებით სურდა, გზა ლისიჩანსკისკენ გაეხსნა. თუმცა, ქალაქში სიტუაცია ივნისში გამუდმებით იცვლებოდა და რამდენჯერმე უკრაინელებმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლის აღდგენა შეძლეს.
მძიმე ბრძოლების ფონზე, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პრორუსულმა ძალებმა უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე. კრემლიც ოკუპირებული რეგიონების სისტემურ რუსიფიკაციას ნელ-ნელა უკვე ცდილობდა. 25 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ორი ოლქის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის აღების გამარტივებას. ამას გარდა, ივნისის ბოლოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულმა მთავრობებმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების სავარაუდო თარიღზე საუბარი დაიწყეს და 2022 წლის შემოდგომისთვის დაგეგმეს.
რაც შეეხება უკრაინას, მაისი ბოლოს დასავლურ მედიაში პირველად გავრცელდა ცნობა, რომ აშშ უკრაინას, სავარაუდოდ, HIMARS-ის ტიპის მაღალი სიზუსტის ზალპური ცეცხლის სისტემებს მიაწვდიდა. ეს ფაქტი მალევე დაადასტურა ამერიკულმა ანონიმურმა წყარომ. ამას გარდა, უკრაინას სანაპირო თავდაცვის გაძლიერებისთვის დასავლელმა პარტნიორებმა ჰარპუნის ტიპის რაკეტებიც გადასცეს. ამ პერიოდიდან რამდენიმე კვირაში, HIMARS-ები უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს იარაღად იქცა, რამაც მორიგი წარმატებები განაპირობა. კიევმა დასავლეთისგან MLRS-ის სარაკეტო სისტემებიც მიიღო. HIMARS-ების პირველი ნაკადი უკრაინამ 23 ივნისს მიიღო. ამავე დღეებში დამტკიცდა, რომ უკრაინა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსაც მიიღებდა. სამხედრო დახმარების გარდა, უკრაინამ ივნისში დასავლეთისგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გადასცეს.
უკრაინის შეიარაღების გარდა, დასავლელ პარტნიორებში შეშფოთებას იწვევდა უკრაინული პორტების რუსეთის მიერ ბლოკირებისა და ხორბლით ვაჭრობის შეუძლებლობის ფაქტი. აზოვსტალის მებრძოლებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში არსებული გამოცდილების ფონზე, უკრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად შუამავლის როლი თურქეთმა შეასრულა.
დონბასსა და უკრაინის დანარჩენ რეგიონებში ომის გაჭიანურების ფონზე, რუსეთი სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევდა, რაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ პირდაპირ გამოაცხადა კიდეც.
რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ, უკრაინამ 24 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ სევეროდონეცკიდან ჯარი გაეყვანა. ქალაქში პოზიციების შენარჩუნება უკვე დიდ დანაკარგებთან იყო დაკავშირებული და პოტენციური მსხვერპლი დასახლების სტრატეგიულ ღირებულებას ხარჯობრივად აღემატებოდა. სწორედ ამიტომ, ქალაქიდან ჯარების გამოყვანა უკრაინისთვის ამ მომენტში საჭირო გადაწყვეტილება იყო. პარალელურად, რუსეთი ძალებს სლავიანსკის მიმართულებითაც იკრებდა, თუმცა ოკუპანტების შემდეგი მთავარი სამიზნე ლისიჩანსკი იყო, რომელიც 3 ივლისს უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტების უპირატესობის გათვალისწინებით, ქალაქში დარჩენა მათ ძალებს მხოლოდ დიდ მსხვერპლს მოუტანდა. როგორც ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ი (ISW) 3 ივლისის ანგარიშში წერდა, ლისიჩანსკის დაკავება პუტინისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ეს მისია ორ უმაღლეს გენერალს, ალექსანდრ ლაპინსა და სერგეი სუროვიკინს ჩააბარა. ეს უკანასკნელი მომავალში უკრაინაში შეჭრილი ძალების მეთაურიც გახდა. ლისიჩანსკს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა ლუგანსკის ოლქზე კონტროლის შესანარჩუნებლად ჰქონდა.
მანამ, სანამ სევეროდონეცკში უკრაინელთა წინააღმდეგობა გრძელდებოდა, კიევმა დაიწყო კუნძულ ზმეინის გათავისუფლების მცდელობები. იერიშები რამდენიმე დღე გაგრძელდა. რამდენიმედღიანი თავდასხმების შემდეგ, 30 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და ის "კეთილი ნების გამოხატვის მიზნით" დატოვეს. რუსული მხარის თქმით, ასე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ახდენდნენ იმის დემონსტრაციას, რომ არ ეწინააღმდეგებოდნენ გაეროს ძალისხმევას, შექმნილიყო ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის მეშვეობითაც უკრაინის ტერიტორიიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანა შესაძლებელი გახდებოდა.
დონბასში მძიმე ვითარების მიუხედავად, ივნისში დასავლურ მედიაში გავრცელდა პირველი ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე საბოტაჟის მიზნით გადადიოდნენ.
ივლისი – ფრონტის სტაბილიზაცია, ხორბლის შეთანხმება და რუსეთის არმიის ცხადი სისუსტე
ივლისში უკრაინამ სიტუაციის სტაბილიზება შეძლო. მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები ამ პერიოდში არ მომხდარა. ოკუპანტების ეფექტიანად შეჩერების მიზეზად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი HIMARS-ების დროულად ჩამოსვლას ასახელებდა. 17 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სრული მასშტაბით გაზრდა ბრძანა, თუმცა ამ განკარგულებას რეალურად არაფერი შეუცვლია.
პარალელურად, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გრძელდებოდა მარცვლეულის შეთანხმებაზე მუშაობაც, რაც უკრაინულ ხორბალს მსოფლიო ბაზარზე დაბრუნების საშუალებას მისცემდა. საბოლოოდ, 22 ივლისს მხარეები უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მომდევნო დღეს რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა შეთანხმება ძალაში დარჩა. ხორბლით დატვირთულმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.
ივლისში უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ეს აისახა როგორც ნაციონალისტების უკმაყოფილებაში, ისე შეიარაღების წყაროების ძიებასა და ფრონტის ხაზზე მოქირავნეების როლის გაზრდაშიც. ოფიციალურად ომის დამნაშავე, პროპაგანდისტი, ე.წ. ნოვოროსიის იდეოლოგი და ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი (სტრელკოვი), რომელიც 2014 წელს დონბასში დაწყებულ ომში სეპარატისტების მხარეს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, უკვე ღიად აკრიტიკებდა თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკას. ის პუტინისგან "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ნარატივის მიტოვებასა და ოფიციალურად ომის გამოცხადებას ითხოვდა. მას ეკონომიკის საომარ მოდელზე გადასვლაც სურდა. პარალელურად, ფრონტის წინა ხაზზე გამოჩნდა ომის დანაშაულებში ბრალდებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ივლისის ბოლოს, ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, რუსეთი უკვე რეგულარული ჯარის დანიშნულებით იყენებდა. როგორც ჩანს, მოსკოვს პრობლემები შეექმნა საბრძოლო მარაგებზეც და გახმაურდა პირველი ცნობები, რომ ირანი მათ უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემდა.
ამას გარდა, უკრაინამ ივლისში იერიშები ანექსირებულ ყირიმზეც დაიწყო. რუსეთის მუქარა ნახევარკუნძულთან დაკავშირებით ფუჭი გამოდგა. გაჩნდა ხერსონის მიმართულებით კიევის კონტრიერიშის მოლოდინი.
საბრძოლო მოქმედებების შენელების მიუხედავად, ივლისი ბუჩის მოვლენების შემდეგ, ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასტიკი თვე იყო. ვინიცის დაბომბვას 23 მშვიდობიანი მოაქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დონეცკში დაიბომბა ოლენივკაში მდებარე იზოლატორი, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები პატიმრობაში იყვნენ. შემთხვევას, მინიმუმ, 40 ტყვე ემსხვერპლა. უკრაინა აცხადებდა, რომ რუსეთმა ეს დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულების დასაფარად ჩაიდინა. ამავე დღეებში გავრცელდა მძიმე კადრები, რომლებშიც რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცს საკანცელარიო დანით კასტრაციას უტარებდნენ, შემდეგ კი კლავდნენ.
აგვისტო – მზადება უკრაინელების კონტრიერიშისთვის
აგვისტოს თვეში, 20-იან რიცხვებამდე უკრაინის ომში ძირითადი ყურადღება ორი მიმართულებით იყო განაწილებული: ერთი, ეს იყო ყირიმი, სადაც რუსეთის ბაზებზე აფეთქებები რეგულარულად ხდებოდა, ხოლო მეორე იყო რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
31 ივლისს ყირიმზე, რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, მორიგი, ამჯერად დიდი აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. მსგავსი აფეთქებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ერთ-ერთ აფეთქებაზე წერდა, რომ პასუხისმგებელი უკრაინული ელიტური ქვედანაყოფი იყო. უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სექტემბერში აღიარა კიდეც, რომ აფეთქებები მათი იერიშების შედეგები იყო.
პარალელურად, აგვისტოს დასაწყისიდან არსებობდა შიში, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოეწვია. პირველად ინფორმაცია სადგურის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 4 აგვისტოს გაავრცელა. უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია ენერგოატომი რადიაციის გაჟონვის რისკებზე საუბრობდა. აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთიც და უკრაინაც ერთმანეთს სადგურზე პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებდნენ. მოსკოვი თავის მხრივ უარს ამბობდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონა შექმნილიყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყველა ბლოკი ქსელიდან გაითიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ კვების აღდგენა შესაძლებელი გახდა. აგვისტოს ბოლოს IAEA-ს სპეციალური მისია სადგურის შესამოწმებლად გაემგზავრა. შიშების მიუხედავად, ატომური ობიექტისგან ბირთვული საფრთხე არ წამოსულა.
20 აგვისტოს მოხდა შემთხვევა, რომლის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არაა ცნობილი. კერძოდ, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა მანქანა, რომელშიც იჯდა კრემლის პროპაგანდისტისა და “რუსული სამყაროს” იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა. რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ოპოზიციონერმა, უკრაინაში მცხოვრებმა ილია პონომარიოვმა გაავრცელა ცნობა, თითქოს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფება ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ აიღო. მსგავსი ჯგუფის არსებობის შესახებ ცნობილი აქამდე არაფერი ყოფილა და მომავალშიც მხოლოდ პონომარიოვის მიერ იყო ნახსენები. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აფეთქების დაგეგმვაში ბრალს უკრაინის ორ მოქალაქეს სდებდა. უკრაინა თავის მხრივ აცხადებდა, რომ ეს თავად ФСБ-ს დაგეგმილი მკვლელობა იყო და მათ შემთხვევასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. აფეთქების დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება. სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე თავად ალექსანდრ დუგინი იყო, თუმცა, რეალურად, შემთხვევა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი რომც ყოფილიყო, ეს მათ არანაირ სამხედრო უპირატესობას არ მოუტანდა.
თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში მხარეებს შორის სერიოზული ტერიტორიული გარღვევა ან დაწინაურება არ მომხდარა, თუმცა ამ ყველაფერს უკრაინა თავის სასიკეთოდ იყენებდა და ხერსონის კონტრიერიშისთვის ემზადებოდა. როგორც CNN-ი წერდა, უკრაინელი სამხედროები ამ მოქმედებებისთვის აშშ-მ მოამზადა. კონტრშეტევა 29 აგვისტოს დაიწყო, რუსების პოზიციების მასობრივი დაბომბვით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევა წარმატებით შეძლეს.
სექტემბერი – უკრაინის ცრუ მანევრი, მობილიზაცია რუსეთში, ე.წ. რეფერენდუმები და პუტინის მზარეულის ჩრდილიდან გამოსვლა
თვეების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ უკრაინის 29 აგვისტოს დაწყებული კონტრშეტევის მთავარი მიმართულება ხერსონის ოლქი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ოკუპანტებისთვის მოულოდნელი იყო კიევის ძალების ხარკოვის მიმართულებით დაწყებული მასობრივი განმათავისუფლებელი იერიში.
სექტემბრის პირველ 10 დღეში უკრაინამ ხარკოვის ოლქში მოწინააღმდეგის ძალების მნიშვნელოვანი გარღვევა შეძლო. რამდენიმე დღეში მათ შეძლეს 1000-მდე კმ²-ს დაბრუნება. უკრაინელმა სამხედროებმა მიყოლებით აიღეს ქალაქები: ბალაკლია, იზიუმი და კუპიანსკი, რომელიც რეგიონში რუსეთისთვის საკვანძო ლოგისტიკური ცენტრი იყო. რუსეთის მტკიცებით, მათ იზიუმიდან და ბალაკლიიდან ჯარები დონეცკის მიმართულებით “გადაჯგუფების” მიზნით გაიყვანეს. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უკრაინამ ხარკოვის ოლქზე კონტროლი თითქმის სრულად აღადგინა. ეს რუსეთისთვის დიდი ოპერატიული მარცხი იყო.
ამავე დღეებში, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანული დრონების გამოყენება დაიწყო. თუმცა ირანული Shahed-136-ებს ოკუპანტები Герань-2-ის სახელით იყენებდნენ და უარყოფდნენ, რომ მათ ეს უპილოტო საფრენი აპარატები ირანისგან მიიღეს. გავრცელდა ცნობებიც, რომ რუსეთის შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგანაც ყიდულობდა.
რუსეთის სარდლობის რიგი წარუმატებლობების ფონზე გააქტიურდა რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ცნობილია პუტინის მზარეულის ზედმეტსახელით. 14 სექტემბერს გავრცელდა კადრები, რომლებშიც პრიგოჟინი რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთი ციხეში პატიმრების გადმობირებასა და ვაგნერისთვის რეკრუტირებას ცდილობდა. ამ ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე, აშშ-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-თან აღნიშნა, რომ ვაგნერი უკრაინაში გასაგზავნად 1 500 პატიმრის გადაბირებას ცდილობდა. მნიშვნელოვანია, რომ 26 სექტემბერს პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად აღიარა და თქვა, რომ ის თავად შექმნა. ამის შემდეგ, პრიგოჟინი უფრო აქტიურად და ნათლად ჩაერთო რუსეთის შეიარაღებული ძალების კრიტიკასა და ვაგნერის სამხედრო საქმიანობაში.
წარუმატებლობების მიუხედავად, 20 სექტემბერს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტულმა რეჟიმებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმებს 23-27 სექტემბერს ჩაატარებდნენ, რაც შესაძლებელი გახდა. ოკუპანტები მოსახლეობას ხმის მისაცემად წასვლას აიძულებდნენ. რა თქმა უნდა, ცრუ რეფერენდუმი კრემლისთვის სასარგებლო შედეგებით დასრულდა. უკვე 30 სექტემბერს პუტინმა ანექსიის ცერემონია ჩაატარა.
ე.წ. რეფერენდუმების წინ, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რასაც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში პროტესტი მოჰყვა. თავდაცვის სამინისტრო 300 000-მდე ადამიანის მობილიზებას აპირებდა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ პროცესი შეეხებოდათ მხოლოდ მათ, ვისაც სამხედრო მომზადების გამოცდილება უკვე ჰქონდა, თუმცა გაწვევა ბევრ გამოუცდელსაც მიუვიდა. რუსებმა აქტიურად დაიწყეს ქვეყნის დატოვება. რამდენიმე გამშვებ პუნქტთან, მათ შორის ზემო ლარსთან შეიქმნა დიდი რიგები. აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების სიტყვით გამოსვლაში პუტინმა ბირთვული მუქარა კვლავ განაახლა. მობილიზაციის პროცესისას არსებობდა ეჭვი, რომ კრემლი 300 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებას აპირებდა. ამას გარდა, ცხადი გახდა, რომ მობილიზების სისტემას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რაც პუტინმა თავადაც აღიარა კიდეც.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 10 სექტემბრიდან უკვე დაწყებული ჰქონდა იერიში დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანის მიმართულებით. ამ პუნქტს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დატვირთვა ჰქონდა. 22 სექტემბრიდან უკრაინელი სამხედროები ლიმანში დაწინაურებას ცდილობდნენ, რაც ფაქტობრივად გამოუვიდათ კიდეც, როცა 30 სექტემბრისა და 1-ელი ოქტომბრის შუალედში ქალაქი ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1-ელ ოქტომბერს “ალყაში მოქცევის საფრთხის გამო” ლიმანი დატოვეს. ფაქტობრივად, ხარკოვის კონტრიერიშის შემდეგ, ეს უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
ოქტომბერი – ცეცხლში გახვეული ყირიმის ხიდი, საოკუპაციო ძალების ახალი მეთაური და საუბრები "ბინძურ ბომბზე"
8 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის მომდევნო დღე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის მართლაც სიურპრიზებით სავსე უნდა აღმოჩენილიყო, როცა ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. შემთხვევა რუსეთმა უკრაინის სპეცსამსახურებს დააბრალა. აფეთქებაზე უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა პირდაპირ არ აუღია, თუმცა The New York Times-თან უკრაინის ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ ან ყველაფრის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა იდგა. აფეთქებამ სერიოზულად დააზიანა ხიდი, რომელიც რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს აკავშირებდა და ამ ოკუპირებული რეგიონისთვის მომარაგების მთავარი ხაზი იყო.
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების დღეს რუსეთმა უკრაინაში მყოფი ძალების ახალი მეთაური, სერგეი სუროვიკინი დანიშნა. ამ უკანასკნელის სტრატეგია მალევე გახდა ცნობილი, როცა რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. შედეგად დიდი პრობლემები შეექმნა ენერგეტიკულ ობიექტებს და უკრაინის ნაწილი დროებით წყლისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ამ დღის შემდეგ, ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ოკუპანტებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ათეულობით რაკეტისა და ირანული დრონების მეშვეობით იერიშები მიაქვთ.
მასობრივი იერიშების გამო, NATO-ს ბლოკმა საკუთარ პრიორიტეტად უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით დახმარება დაისახა. დახმარების ინიციატივით გამოვიდნენ გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი, ასევე აშშ-მ NASAMS-ების მიწოდების პროცესის დაჩქარება გამოაცხადა.
ამას გარდა, სწორედ ამ იერიშების შემდეგ დასავლეთმა ირანისთვის მოსკოვისთვის მიწოდებული დრონების გამო ახალი სანქციების დაწესება დაიწყო. ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატის მართვაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. 21 ოქტომბერს ეს ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
მასობრივი თავდასხმებისა და ახალი მეთაურის დანიშვნის მიუხედავად, ოკუპანტებისთვის ვითარება ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე უარესობისკენ მიდიოდა. ის, რომ ამ მიმართულებით რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რთული ვითარება ჰქონდათ, 18 ოქტომბერს თავად სერგეი სუროვიკინმაც აღიარა. ამავედ დღეს ხერსონის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსახლეობის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო, რისი დასრულებაც 28 ოქტომბერს გამოაცხადეს.
ხერსონში ცხადად მომავალი მარცხის ფონზე, მოსკოვმა ახალი დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 23 ოქტომბერს თქვა, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას აპირებდა. ამ ტერმინით მოიხსენიებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული ნარჩენების გაერთიანებით შექმნილი და არაა უშუალოდ ბირთვული იარაღი. შოიგუს ბრალდებას აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სიცრუე უწოდეს. როგორც პენტაგონში აღნიშნეს, მათ რუსეთი გააფრთხილეს კიდეც, რომ “ბინძური ბომბის” აფეთქებას შედეგები მოჰყვებოდა. მთელი ეს ნარატივი რუსეთის ბირთვული შანტაჟის გაგრძელება იყო. ამ ყველაფრის პარალელურად, არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთს, შესაძლოა, კახოვკის კაშხალზე პროვოკაცია მოეწყო. იგივე ბრალდება ჰქონდა რუსეთს უკრაინის მიმართ.
28 ოქტომბერს შოიგუმ გამოაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა. ყველა შესაბამისი ღონისძიება 31 ოქტომბერს მორჩა. როგორც პუტინმა 4 ნოემბერს თქვა, მობილიზებული იყო 318 000 ადამიანი.
ოქტომბერში მარცვლეულის შეთანხმება საფრთხის წინაშე დადგა. 29 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ტოვებდა. მიზეზად ოკუპირებულ სევასტოპოლთან შავი ზღვის ფლოტის გემებზე უკრაინელების უპილოტო აპარატებით თავდასხმას ასახელებდნენ. მათი ბრალდებით, იერიში ხორბლის გადამზიდი გემებიდან განხორციელდა. რუსეთი შეთანხმებას 2 ნოემბერს დაუბრუნდა, რადგან, მათი თქმით, უკრაინისგან გარანტიები მიიღეს.
ნოემბერი – ქალაქი ხერსონი თავისუფალია, პრიგოჟინი ძალებს იკრებს, პოლონეთში რაკეტა ვარდება
რუსეთისთვის ოქტომბერში ხერსონის გარშემო შექმნილი კრიზისი ნოემბერში უკეთესობისკენ არ წასულა, პირიქით, საქმე გაუარესდა. თვის დასაწყისში მარიონეტული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მათი ჯარები, სავარაუდოდ, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდოდნენ. მართლაც, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ქალაქი ხერსონიდან და ოლქის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. უკრაინა ოკუპანტების ამ გადაწყვეტილებას თავდაპირველად სიფრთხილით უდგებოდა. 11 ნოემბრისთვის რუსები აცხადებდნენ, რომ მათმა ჯარებმა მარჯვენა სანაპირო სრულად დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში მალევე გამოჩნდა. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აფასებდა, ჯარების გაყვანა რუსეთის მიერ არმიის პრობლემების საჯარო აღიარებას ნიშნავდა.
საინტერესოა, რომ როგორც ISW-ს 13 ნოემბრის ანგარიშში იყო ნათქვამი, პუტინმა სუროვიკინს ხერსონიდან ჯარების გაყვანის უფლება იმ პირობით მისცა, თუ ძალებს დონეცკის მიმართულებით გადაისროდნენ და ოლქს სრულად დაიკავებდნენ. ამ მიმართულებით ოკუპანტებს ახალმობილიზებულთა ნაკადიც დაეხმარებოდა. ანგარიში წინასწარმეტყველებდა, რომ ამ მიმართულებით მძიმე ბრძოლები დაიწყებოდა, რაც, ფაქტობრივად, სიმართლეს შეესაბამება.
აქამდე, ამ რეგიონში ოკუპანტებს აშკარად დიდი დანაკარგები ჰქონდათ და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. მაგალითად, 6 ნოემბერს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადამ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხზე, GREY ZONE-ზე გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათმა დანაყოფმა დონეცკის რეგიონში დიდი დანაკარგები განიცადა. მიმართვის ავტორები ამბობდნენ, რომ 155-ე ბრიგადამ 4 დღეში 300-მდე ადამიანი დაკარგა, დახოცილთა, დაჭრილთა და დაკარგულთა ჩათვლით. ასევე, მათივე თქმით, დაკარგეს სამხედრო ტექნიკის ნახევარი. სამხედროებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს მხოლოდ მათი ბრიგადის მონაცემებია და სრული დანაკარგი, შესაძლოა, მეტი ყოფილიყო. 155-ე ბრიგადა პავლოვკის დასახლების ასაღებად იბრძოდა. საზღვაო ქვეითთა წერილში ასევე ეწერა, რომ ოფიცრებს პავლოვკის დასახლების აღება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გვერდის ავლით სურდათ და სწორედ ამიტომ, ისინი ყველა მხრიდან ცეცხლში მოექცნენ. 7 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილში ნახსენები დიდი დანაკარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
როგორც ჩანს, პავლოვკის დასახლება, შესაძლოა, ოკუპანტებმა დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, 14 ნოემბერს აიღეს. რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაში წერდნენ, რომ ამ პუნქტის აღება დონბასში რუსი სამხედროების მომავალი იერიშებისთვის პლაცდარმს გახსნიდა.
ყველაფრის პარალელურად, ევგენი პრიგოჟინი ძალაუფლების გამყარებასა და ვაგნერის ჯგუფის გარშემო ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ოქტომბრიდან ცდილობდა. ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინმა დაიწყო ვაგნერის ჯგუფზე დაფუძნებული მოხალისეობრივი ბატალიონების შექმნა. პრიგოჟინი აქამდე ამბობდა, რომ ფრონტის ხაზზე ვაგნერის ხაზის შექმნას ცდილობდა, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მათ "ზურგს უკან დამალვით" თავი მშვიდად ეგრძნო. ეს მისი მხრიდან რუსეთის არმიის პირდაპირი დისკრედიტაცია და დამცირება იყო. ISW-ს 24 ოქტომბრის ანგარიშში წერდა, რომ პუტინი ბახმუტის მიმართულებით ვაგნერის ძალებზე იყო დამოკიდებული.
პრიგოჟინმა 31 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში ვაგნერის ცენტრის გახსნა გამოაცხადა. ის საუბრობდა ე.წ. სახალხო ლაშქრის შექმნაზე, რომელიც არა მთავრობის, არამედ ადგილობრივი ბიზნესების მიერ უნდა ყოფილიყო დაფინანსებული. უკვე 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ ვაგნერის ჯგუფი კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში სამხედრო სტრუქტურების ფორმირებას გეგმავდა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის მიღმა იმოქმედებდნენ.
ნოემბერი მთლიანობაში განსაკუთრებით დაძაბული თვე არ ყოფილა, თუმცა ერთ დღეს, 16 ნოემბერს საკმაოდ დიდი შფოთვის გამომწვევი შემთხვევა მოხდა. აღმოსავლეთ პოლონეთში, სოფელ პშევოდოვში ჩამოვარდა რაკეტა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს რუსეთის ნასროლი რაკეტა იყო. ამ დაუდასტურებელმა ცნობამ გამოიწვია საუბარი NATO-ს მე-5 მუხლის გააქტიურებაზე, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. თუმცა, საბოლოოდ, წინასწარი ინფორმაციით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაასკვნა, რომ ეს იყო უკრაინული საბრძოლო მასალა, რომელიც ნასროლი იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ და რუსული რაკეტის მოგერიებას ცდილობდა. სწორედ ამ დღეს რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიშების მორიგი სერია მიიტანა.
უკრაინაზე რუსეთის განმეორებითი მასობრივი თავდასხმების ფონზე, ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემას განიხილავდა.
დეკემბერი – მძიმე ბრძოლები ბახმუტთან და უკრაინული დრონების იერიში ფრონტიდან 700 კილომეტრში
დეკემბრის დადგომასთან ერთად დონეცკის ოლქში, ბახმუტის გარშემო, სადაც ბრძოლები აქამდეც მიმდინარეობდა, სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. არსებობს ქალაქის სრულ ალყაში მოქცევის საფრთხე. მძიმე ბრძოლები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება. უკრაინელი მაღალჩინოსნები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ ბახმუტისკენ მოწინააღმდეგემ დიდი ძალები გადასხა. როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რუსეთის მხარეს ბახმუტის გარშემო შეტაკებებში დიდ როლს ასრულებს ვაგნერის ჯგუფი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. 20 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი, ზემოხსენებული რთული ვითარების მიუხედავად, ბახმუტს ეწვია და მებრძოლები დააჯილდოვა. პარალელურად, პუტინი ხალხს კრემლში აჯილდოებდა, რასაც რუსი ულტრანაციონალისტის, იგორ გირკინის კრიტიკა მოჰყვა. ის ზელენსკის ვიზიტს უყურებდა როგორც ჯარისკაცებისთვის საბრძოლო სულისკვეთების გამზრდელ ფაქტორს.
ბახმუტის გარშემო არსებული დაძაბულობის პარალელურად, 5 დეკემბერს, ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. რუსეთში, რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოსა და სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის აეროდრომზე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიშები მიიტანეს, რასაც უკრაინა პირდაპირ არ ადასტურებს. ცნობა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. დიაგილოვოს აეროდრომზე იერიშს სამი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა და დაზიანდა ორი Ту-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი. რუსეთს უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიშები სწორედ ამ ბაზებიდან აფრენილი თვითმფრინავებით მიჰქონდა.
როგორც რუსეთი ამბობდა, იერიშისთვის უკრაინელებმა საბჭოთა წარმოების დრონები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია გამოცემა POLITICO-სთან დაადასტურა ორმა წყარომ, რომელიც უშუალოდ სპეცოპერაციაში იყო ჩართული. მათი თქმით, გამოყენებული იყო მოდიფიცირებული საბჭოთა Ту-141-ის ტიპის სადაზვერვო დრონები. ეს ფაქტი უკრაინელების ინოვაციურობასა და სამხედრო სფეროს წინსვლაზე კარგად მიუთითებს.
5 დეკემბრის მსგავსი შემთხვევა ენგელსის აეროდრომზე 26 დეკემბერს განმეორდა. ამჯერად რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაცხადა, რომ მათმა ჰსთ-მ უკრაინული დრონი ჩამოაგდო, თუმცა, ნარჩენებმა 3 სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბრძოლის ველზე მომხდარი ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანია რამდენიმე სიტყვაც, რაც პუტინმა ახსენა. თავდაპირველად, 7 დეკემბერს მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ომი გაჭიანურდა და ამ პროცესს "ხანგრძლივი" უწოდა. ხოლო უკვე 22 დეკემბერს ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", როგორც ის აქამდე თავად ეძახდა უკრაინაში შეჭრას, სიტყვა "ომით" პირველად მოიხსენია.
მოვლენების პარალელურად, დეკემბრის შუა რიცხვებში გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით თავდასხმას ხელახლა წამოიწყებდა. ამის შესახებ თავად უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა. ზალუჟნი შიშობს, რომ, შესაძლოა, იერიში ბელარუსიდან დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ კვლავ არსებობს შიში, რომ მოსკოვი მინსკს ამ ომში სრულად ჩაითრევს. სწორედ მაშინ, როცა პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოს ეწვია, ბელარუსში მყოფი რუსი სამხედროების წვრთნები იმართებოდა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 29 დეკემბერს, მინსკის მტკიცებით, მათ საკუთარ ტერიტორიაზე, ბრესტის ოლქში უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოაგდეს. ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. კრემლში მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. უკრაინა თანახმაა ფაქტის გამოძიებაზე იმ ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, რომლებიც რუსეთის მხარდამჭერები არ არიან, თუმცა, ამავდროულად, არ გამორიცხავენ, რომ ინციდენტი მოსკოვის პროვოკაციაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინა მალე მიიღებს კიდევ ერთ თავდაცვით იარაღს, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა, კერძოდ Patriot-ების საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ეს ზელენსკისთვის, ომის დაწყების შემდეგ, უცხოეთში პირველი ვიზიტი იყო. აქამდე რუსეთის დიპლომატიურმა კორპუსმა ამერიკაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის შესაძლებლობას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა და ამბობდა, რომ ამას, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყოლოდა.
ამჟამად უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკის რაიონში ქალაქი კრემენნოის მიმართულებით მიიწევენ. ამ პუნქტის დაკავების შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტის მიმართულებით პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდებათ. როგორც ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, კრემენნოის დაკავების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გზას გაუხსნის ორი მიმართულებით: პირველი - სტარობელსკისკენ, რომელიც ოკუპანტებისთვის ლუგანსკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია; და მეორე - რუბეჟნოესკენ, რაც უკრაინელებს იმ დანაყოფების დასუსტებაში დაეხმარება, რომლებსაც ბახმუტზე ინტენსიური იერიშები მიაქვთ.
საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმების უკვე იმდენად ეშინიათ, რომ 31 დეკემბრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მოსკოვის გარშემო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და მათი ჯგუფები გაძლიერებულად იმუშავებენ.
ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე ვარაუდობდნენ, რომ ამ სეზონს ორივე მხარე ძალების გადაჯგუფებისთვისა და მცირე შესვენებისთვის გამოიყენებდა, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. უკრაინა საკუთარი ხალხის ნებისა და გამბედაობის, ასევე დასავლეთის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო და ეკონომიკური დახმარების წყალობით ოკუპანტებს კვლავ მედგარ წინააღმდეგობას უწევს და როგორც ჩანს, კვლავ ასე გააგრძელებენ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.