რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ერთსაათიან მიმართვაში, რომელშიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, შეეხო უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობასაც და, შესაბამისად, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს ნათქვამ სიტყვებს.
"ასევე, ვიცით, უკვე გაჟღერდა განცხადება იმაზე, რომ უკრაინა აპირებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ცარიელი ტრაბახი არაა", – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, უკრაინისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება ბირთვული იარაღის მოპოვება, ვიდრე იმ ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომლებიც ამას დღეს ცდილობენ. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ის დასავლეთის შესაძლო დახმარებას ასახელებს.
"უკრაინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოპოვება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე ზოგიერთი სხვა სახელმწიფოსთვის, ახლა მათ არ დავასახელებ, რომლებიც ფაქტობრივად ამაზე მუშაობენ. [მარტივი იქნება] განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური დახმარების შემთხვევაში. ჩვენ ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ. მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოჩენასთან ერთად, სიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, განსაკუთრებით ჩვენთვის, რუსეთისთვის, ყველაზე რადიკალურად შეიცვლება. არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ ეს რეალური საფრთხე. მითუმეტეს, გავიმეორებ, დასავლელმა მფარველებმა, შესაძლოა, უკრაინაში ასეთი იარაღის გამოჩენისთვის ითანამშრომლონ, რათა შეიქმნას კიდევ ერთი საფრთზე ჩვენი ქვეყნისთვის", – თქვა პუტინმა.
აქამდე, მიუნხენის კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 1994 წლის ბუდაპეშტის ხელშეკრულება.
"მინდა მჯეროდეს, რომ NATO-ს წესდების მე-5 მუხლი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად ჩვენ უარი ვთქვით მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ პოტენციალზე. ახლა ჩვენ არც იარაღი გვაქვს და არც უსაფრთხოება. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, რომლებიც დიდია შვეიცარიაზე, ნიდერლანდებსა და ბელგიაზე.
ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლის შემდეგ უკრაინამ სამჯერ სცადა კონსულტაცია ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან. სამჯერ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. დღეს ამის მეოთხე მცდელობა იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა გარანტორი ქვეყნების მოწვევა. თუ ამის შედეგად ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები", – ამბობდა ზელენსკი.
1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აქ დარჩენილ ბირთვულ არსენალზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.
18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.
დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.





