რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, ჯარმა ლიმანიდან უკან დაიხია უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე

რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, მოკავშირეთა ძალებმა დატოვეს კრასნი ლიმანი და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, რუსეთის მტკიცებით, უკრაინის არმიას დიდი ზარალი მიაყენეს, თუმცა "მიუხედავად მიყენებული დანაკარგისა, ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობით, მოწინააღმდეგემ მოიყვანა რეზერვები და განაგრძო შეტევა ამ მიმართულებით".

მანამდე უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამხედროები ლიმანში შევიდნენ და ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს. 

ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხი იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.

ლოჯისტიკური პუნქტი

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

"ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგი ნაბიჯია დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს უკრაინის ჯარებს კრემინასა და სევეროდონეცკში წინსვლის საშუალებას მისცემს, რაც ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა მან. 


30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის ეს ნაბიჯი თაღლითობად შეაფასეს. უკრაინამ პირობა დადო, რომ რუსული ძალებისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებას გააგრძელებს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის იქამდე არ გაიმართება, სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება. 

კომენტარები