რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"4 დღეში 300 კაცი დავკარგეთ" – რუსეთის 155-ე ბრიგადა წერილს ავრცელებს, მოსკოვი უარყოფს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
სტანისლავ კრასილნიკოვი/ТАСС

6 ნოემბერს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადამ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხზე, GREY ZONE-ზე გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათმა დანაყოფმა დონეცკის რეგიონში დიდი დანაკარგები განიცადა. წერილი პრიმორიეს მხარის გუბერნატორს მიემართებოდა.

155-ე ბრიგადის სამხედროები წერილში წერდნენ, რომ ჯარისკაცები "გაურკვეველ" თავდასხმაში შეყარეს, იმისთვის, რომ გენერალ მურადოვს გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან "ბონუსი გამოემუშავებინა", ხოლო ახმედოვს რუსეთის გმირის წოდება მიეღო. სავარაუდოდ, ამ პირებში იგულისხმებიან აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ახალი მეთაური, რუსტამ მურადოვი და 155-ე ბრიგადის მეთაური, ზურაბ ახმედოვი.

მიმართვის ავტორების თქმით,  155-ე ბრიგადამ 4 დღეში 300-მდე ადამიანი დაკარგა, დახოცილთა, დაჭრილთა და დაკარგულთა ჩათვლით. ასევე, მათივე თქმით, დაკარგეს სამხედრო ტექნიკის ნახევარი. სამხედროებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს მხოლოდ მათი ბრიგადის მონაცემებია და სრული დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.

"დიდი გენერლების" მიერ "საგულდაგულოდ" დაგეგმილი იერიშის შედეგად, ჩვენ 4 დღეში დავკარგეთ დაახლოებით 300 ადამიანი - მოკლული, დაჭრილი და უგზოუკვლოდ დაკარგული; ტექნიკის 50%. ეს მხოლოდ ჩვენი ბრიგადაა. ოლქის სარდლობა, ახმედოვთან ერთად, ამას მალავენ და დანაკარგის ოფიციალურ რიცხვებს მალავენ, პასუხისგების შიშით". – წერია მიმართვაში. 

საზღვაო ქვეითთა წერილში ასევე ეწერა, რომ ოფიცრებს პავლოვკის დასახლების აღება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გვერდის ავლით სურდათ, შედეგად, როგორც დონეცკელი სეპარატისტების ე.წ. სახელწმიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრ ხოდაკოვსკი წერს, ბრიგადა ყველა მხრიდან ცეცხლში მოექცა.

155-ე ბრიგადის წერილი პრიმორიის გუბერნატორს სთხოვს უმაღლეს მთავარსარდალთან მიმართვას, რათა გამოგზავნონ სპეციალური კომისია, რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე და მურადოვსა და ახმედოვს "ასეთი მოქმედებების მიზანს" ჰკითხავენ. 

წერილის გავრცელებამდე რუსული პროპაგანდისტული ВГТРК-ს კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი წერდა, რომ 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის სამხედროები, სოფელ პავლოვკაზე თავდასხმის შედეგად დიდ "გამოუსადეგარ" დანაკარგებს განიცდიან. ის ასევე წერდა, რომ სამხედროებმა პრიმორიის გუბერნატორს მიმართეს, რათა ადგილზე "სიტუაციის სწრაფი გარკვევის" კომისია შექმნილიყო.

ოქტომბრის ბოლოს, ოკუპირებულ დონეცკში, სოფელი პავლოვკას მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები დაიწყო. 5 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთ-დონეცკის მიმართულებით დაამარცხეს, თუმცა, უკვე მომდევნო დღეს, საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის წერილი გავრცელდა.

პრიმორიის გუბერნატორმა, ოლეგ კოჟემიაკომ წერილის პასუხად განაცხადა, რომ საზღვაო ქვეითთა სარდლობას დაუკავშირდა, რომლებმაც პავლოვკის რაიონში მძიმე ბრძოლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა წერილში ნახსენებ დანაკარგს "მნიშვნელოვნად გადაჭარბებული" უწოდეს. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სამხედრო პროკურატურაში გაგზავნა 155-ე ბრიგადის წერილი, რათა ჩატარდეს "განხილვა". თავდაპირველად, გუბერნატორმა ივარაუდა, რომ გავრცელებული წერილი, შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურების ნამუშევარი ყოფილიყო, თუმცა 155-ე ბრიგადის წერილში დამატებული იყო აღნიშვნა, რომ მიმართვა უკრაინელებს არ ეკუთვნოდათ. 

7 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წერილში ნახსენები დიდი დანაკარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა რუსეთის თავდაცვის უწყება დანაკარგებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 155-ე ბრიგადის დანაკარგები 10 დღეში სამხედრო შემადგენლობის 1%-საც არ აღემატება და სამხედრო მოსამსახურეები "იერიშს განაგრძობენ".

"ქვედანაყოფების მეთაურების კომპეტენტური მოქმედებების წყალობით, საზღვაო ქვეითთა დანაკარგები ამ პერიოდისთვის არ აღემატება საბრძოლო შემადგენლობის 1%-ს, დაჭრილები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე სამსახურს დაუბრუნდა, კი 7%-ს". – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

კომენტარები