დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

УП: ლუგანსკის რეგიონში სეპარატისტების გასროლილი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა

საარტილერიო ცეცხლით დაზიანებული კედელი
Українська правда

უკრაინული მედიის, Українська правда-ს ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა საარტილერიო ცეცხლი ლუგანსკის რეგიონში არსებული დასახლების, სტანიცა ლუგანსკის მიმართულებით გახსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. 

უკრაინული საქველმოქმედო ფონდის ინფორმაციით, დაშავდა ორი ზრდასრული ადამიანი, მათივე თქმით, ცეცხლის გახსნის დროს შენობაში იმყოფებოდნენ ბავშვებიც, თუმცა ამ ბოლო ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვერ ადასტურებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასში მოქმედმა მისიამ, გაერთიანებული ძალების ოპერაციამ შემთხვევის შემოგარენიდან მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანა. 


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გაჰყავთ სამხედროების ნაწილები, რომლებმაც სამხედრო წვრთნები დაასრულეს. თუმცა დეესაკალაციის შესაძლებლობას დასავლეთში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას და დასამტკიცებლად ვლადიმირ პუტინს მიმართეს. ჯერჯერობით პუტინი ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებენ.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები