რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთი დონეცკის ოლქში ახალ შეტევას იწყებს

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომზე 13 ნოემბრის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ხერსონის ოლქში უკრაინის წარმატების შემდეგ, ომის მოსალოდნელი განვითარებაა განხილული.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში არ შენელდება, რადგან რუსეთი შეტევითი ოპერაციების ინტენსივობის განახლებას აპირებს – რუსები დონეცკის ოლქში შეტევას გააძლიერებენ. უკრაინელები, სავარაუდოდ, დასავლეთ ხერსონის გათავისუფლების შედეგად დაბრუნებულ საბრძოლო ძალას ლუგანსკის ოლქში მიმდინარე კონტრშეტევის გასაძლიერებლად ან სხვა ტერიტორიაზე კონტრშეტევისთვის გამოიყენებენ. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, სუროვკინს დასავლეთ ხერსონიდან გასვლის ნება დართო იმ პირობით, რომ დაიკავებდა დონეცკის ოლქის დანარჩენ ნაწილს. ამ მიზნისთვის კი, ხერსონიდან დაბრუნებულ რუსულ ძალებსა და ახლად მობილიზებულ სამხედროებს გამოიყენებდა. 

უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარის, ანდრეი ზაგოროდნიუკის მიერ შემოთავაზებული ეს დაკვირვება ხსნის რუსული შეტევითი ოპერაციების ინტენსივობის განახლებას ჯერ ბახმუტის ირგვლივ, შემდეგ კი სამხრეთ-დასავლეთით, ვუჰლედარის ტერიტორიის გარშემო. 

ISW-ის მტკიცებით, რუსეთი დონეცკის ოლქში შეტევის ოპერაციებს უახლოეს კვირებში გააძლიერებს, რადგან დასავლეთ ხერსონიდან გაყვანილ ძალებთან ერთად, დამატებით მობილიზებული სამხედროები ჩამოდიან. ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ძალები ამ რაიონში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და კიევს, დიდი ალბათობით, რუსეთის განახლებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად ჯარების გადამისამართება მოუწევს. 

თუმცა, კვლევითი ცენტრი აღნიშნავს, რომ რუსები, განახლებული ძალისხმევის მიუხედავად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწევენ. ბრძოლის ველზე ისინი არ ჩადიან ერთიან ქვედანაყოფებად, არამედ ცალკეულად ან მცირე დანაყოფებს ანაცვლებენ, რომლებიც 9 თვის განმავლობაში შეუსვენებლად იბრძოდნენ. რუსებმა განიცადეს გამანადგურებელი დანაკარგები როგორც პერსონალის, ისე აღჭურვილობის მხრივ. ამიტომ ისინი, დიდწილად, დემორალიზებულები არიან – ვკითხულობთ ანგარიშში. 

"რუსმა მობილიზებულმა სამხედროებმა თავი გამოიჩინეს, როგორც იძულებით ბრძოლისთვის არაადეკვატურად გაწვრთნილმა და არასაკმარისად აღჭურვილებმა". – ნათქვამია ანგარიშში. 

ISW-ის ცნობით, დონეცკის ოლქში მოქმედი რუსული ძალები შედგება რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დანაყოფებისგან, მობილიზებული სამხედროებისგან, ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ჯარებისგან, რუს მოხალისეთა რეზერვისგან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებისგან, რამზან კადიროვის ჩეჩნური ნაწილების ჯარისკაცებისა და მოხალისეთა ბატალიონებისგან.

ISW-ის შეფასებით, სამხედროების ამ ჯგუფს გაცილებით არაეფექტური საბრძოლო ძალა აქვს, ვიდრე მსგავსი ზომის რეგულარული დანაყოფების დაჯგუფებას. ამასთან ერთად, უკიდურესად საეჭვოა, რომ სუროვკინმა ფართომასშტაბიანი შეტევითი ომის წარმოება ამ სამხედრო ძალებით შეძლოს. 

"ძალების ეს უცნაური ნაზავი, სავარაუდოდ, გარკვეულ მიღწევებს მოიტანს რაოდენობის გამო, მაგრამ სავარაუდოდ გაძლიერებული უკრაინელი დამცველები, დიდი ალბათობით,  მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, სასტარტო წერტილებიდან არც თუ ისე შორს შეაჩერებენ მათ". – წერია ანგარიშში.

აგრეთვე, კვლევითი ცენტრის ანალიზის თანახმად, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის, საომარი მოქმედებების ან მოლაპარაკებების ადვოკატირების დრო ახლა არ არის. 

"დროა, დავეხმაროთ უკრაინას ისარგებლოს მომენტუმით, რომელიც ხელსაყრელია კიევისთვის და არა მოსკოვისთვის". – აღნიშნულია ანგარიშში. 

კომენტარები