რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: რუსეთის ბრალდებების შემდეგ, არსებობს მათ მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე

ჯენ ფსაკი

ქიმიური ლაბორატორიების შესახებ რუსეთის ბრალდების პასუხად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ კრემლი შესაძლოა უკრაინაში ქიმიურ თავდასხმას ან ქიმიური იარაღის გამოყენებით, ამზადებდეს ოპერაციას ცრუ დროში ქვეშ. 

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ კრემლის დეზინფორმაციას "აბსურდული" უწოდა და განაცხადა, რომ კრემლის ნაბიჯი, შესაძლოა, ყალბი საბაბის შეთხზვას ემსახურებოდეს, შემდგომი მოქმედებების გასამართლებლად. 

"მას შემდეგ, რაც რუსეთისგან ცრუ ბრალდებები მოვისმინეთ, ჩინეთი კი მხარს უჭერს მის პროპაგანდას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, ისევე როგორც, მათი გამოყენებით, ცრუ დროშის ქვეშ ოპერაციის ჩატარების რისკებს. ძალიან ცხადი პატერნია", - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა. 

კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინაში არსებული ამერიკული ლაბორატორიების შესახებ რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და შეერთებული შტატები, კიევთან ერთად, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა საუბარში კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოში მყოფი ლუგარის ლაბორატორიაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები