რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

"რუსეთი სწორად უნდა მოიქცეს" – უოლასმა კრემლს უკრაინის პორტებზე ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა

ბენ უოლასი
BBC

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა რუსეთს უკრაინულ პორტებზე ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანამ ექსპორტზე მარცვლეულის გატანა და ქვეყნებში შიმშილის თავიდან აცილება შეძლოს. 

"რუსეთი სწორად უნდა მოიქცეს". - თქვა უოლასმა.

25 მაისს კრემლმა დასავლეთს მიმართა, რომ რუსეთი იმ შემთხვევაში მოხსნის უკრაინის პორტზე ბლოკადას, თუ ევროპა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქიებს გააუქმებს. 

Reuters-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა კრემლის შეთავაზება უარყო და საპასუხოდ, შავი ზღვის ქვეყნების მიერ უკრაინული გემების ესკორტირების იდეას მიესალმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები