რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აცხადებს, რომ "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძული ზმეინი დატოვეს

კუნძული ზმეინი

რუსი ოკუპანტები უკრაინის კუნძულ ზმეინის ტოვებენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ისაუბრა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და მას "კეთილი ნების გამოხატვის მიზნით" ტოვებენ. რუსული მხარის მტკიცებით, ასე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ახდენენ იმის დემონსტრაციას, რომ არ ეწინააღმდეგებიან გაეროს ძალისხმევას, შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის მეშვეობითაც უკრაინის ტერიტორიიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანა გახდება შესაძლებელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კიევს არ მისცემენ საშუალებას, "დაიწყონ სპეკულაცია მარცვლეულობის გატანის შეუძლებლობაზე".

უკრაინის სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ გარნიზონის დარჩენილი ნაწილი კუნძულიდან უკრაინელი სამხედროების იერიშის შემდეგ გაიყვანა.

გასულ დღეებში ოკუპირებულ კუნძულ ზმეინიზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სარაკეტო იერიშები მიჰქონდათ.

კომენტარები