რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ეჭვი არ მეპარება, რუსები კიევისკენ კიდევ წამოვლენ

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, შესაძლოა, რუსეთის ძალები კიევის მიმართულებით კიდევ ერთხელ დაიძრან. 

ზალუჟნის აზრით, ახალი იერიშები, შესაძლოა, იანვარი-მარტის პერიოდში დაიწყოს. უკრაინის მთავარსარდალი რუსეთის იერიშის სამიზნედ სამხრეთის მიმართულებასაც არ გამორიცხავს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დავალებაა რეზერვების შექმნა და მომზადება ომისთვის, რომელიც, შესაძლოა, თებერვალში, საუკეთესო შემთხვევაში - მარტში, უარეს შემთხვევაში კი - იანვრის ბოლოს წარიმართოს. ის, შეიძლება, არა დონბასში, არამედ კიევის მიმართულებით დაიწყოს, ბელარუსის მიმართულებიდან. სამხრეთის მიმართულებასაც არ გამოვრიცხავ". - თქვა ზალუჟნიმ.

ზალუჟნის თქმით, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ შედეგი გამოიღო და, მიუხედავად იმისა, რომ რუსი მობილიზებულები, შესაძლოა, ცუდად იყვნენ შეიარაღებული, ისინი მაინც იბრძოლებენ. მისივე თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ კიევის მიმართულებით ახალი იერიში დაიწყება. 

"რუსეთის მობილიზაციამ იმოქმედა. ტყუილია, რომ მათი პრობლემები იმდენად მწვავეა, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. ცარი ეუბნებათ რომ ომში წავიდნენ და ისინიც მიდიან. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - იგივენაირად იყო. ისინი შესაძლოა კარგად შეიარაღებულები არ არიან, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრობლემას წარმოადგენენ. ჩვენი შეფასებით, 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ... რუსები 200 000-მდე ახალ სამხედროს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიევისკენ კიდევ ერთხელ წამოვლენ". - აღნიშნა ზალუჟნიმ.

კომენტარები