რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ ხერსონს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

როგორც ხერსონის მერის, იგორ კოლიხაევის Facebook პოსტიდან ჩანს, რუსმა ოკუპანტებმა საპორტო ქალაქ ხერსონზე ფაქტობრივი კონტროლი მოიპოვეს. თუმცა, მერი აღნიშნავს, რომ ქალაქის თავზე კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებს. 

გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში დაიკავეს სარკინიგზო სადგური და ქალაქის პორტი.

ხერსონის მერის თქმით, ქალაქში არ არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები. იგი პოსტში წერდა, რომ რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკება არ ჰქონია, თუმცა მის ადმინისტრაციაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მივიდა, რომლებთან საუბრის შედეგადაც გადაწყდა რომ: ქალაქში გასვლა მოქალაქეებისთვის მხოლოდ დღისით შეიძლება; ამოქმედდება კომენდანტის საათი 20:00-დან 06:00-მდე; ქალაქში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთულ მანქანებს; გარკვეული პროფესიის მქონე პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაწილობრივ აღდგება; ქუჩაში არ შეიძლება ერთად დადიოდეს ორ კაცზე მეტი, ხოლო თუ მათ სამხედროები გაჩერებას მოსთხოვენ, უნდა დაემორჩილონ; ქალაქში გადაადგილების უფლების მქონე ავტომობილები უნდა დადიოდნენ დაბალი სიჩქარით და მზად იყვნენ ოკუპანტებს აჩვენონ თუ რა გადააქვთ.

ხერსონში დაახლოებით 280 000 ადამიანი ცხოვრობს.

"მათთვის არანაირი პირობა არ მიმიცია. უბრალოდ ვერაფერს დავპირდები. მე მხოლოდ ჩვენი ქალაქის ნორმალური ცხოვრება მაინტერესებს. მხოლოდ ვითხოვე, რომ ადამიანებს არ ესროლონ", – წერს ხერსონის მერი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები