რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტებს ჩრდილოეთიდან ძალები გაჰყავთ, პროცესი ნელია, მაგრამ შესამჩნევი

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Government/Facebook

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ნაწილები "ნელა, მაგრამ შესამჩნევად" ტოვებენ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილს.

"ოკუპანტებს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთიდან ძალები გაჰყავთ. პროცესი ნელია, მაგრამ შესამჩნევი. ზოგან ადგილის დატოვება ბრძოლის გამო იძულებით უწევთ, ზოგან პოზიციებს თავად ტოვებენ". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ უკრაინელებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.

"წინ ფრთხილად მივიწევთ და ყველა, ვინც ამ ადგილებში დაბრუნდება, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნება ჯერ შეუძლებელია, იმ ადგილებშიც კი, რომლებსაც ბრძოლის შემდეგ ვიბრუნებთ. უნდა მოვიცადოთ, რომ გაიწმინდოს ჩვენი მიწა და მოვიცადოთ, სანამ დავრწმუნდებით, რომ ახალი დაბომბვები არ იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა კვლავ ძალიან რთულია და დონბასის რეგიონსა და ხარკოვში რუსული თავდასხმებისთვის მზადება მიმდინარეობს.

"ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა კვლავ ძალიან რთულია. რუსული ჯარები თავმოყრილია დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ემზადებიან ახალი, ძლიერი დარტყმებისთვის. ჩვენ ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის”. - თქვა ზელენსკიმ.

ჩრდილოეთიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ უკრაინის გენშტაბიც იუწყება. გენშტაბის ცნობით, ეს, სავარაუდოდ, ძალების გადაჯგუფებისთვის და დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებში შეტევისთვის ხდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები