რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პრიგოჟინი ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში სამხედრო სტრუქტურების ფორმირებას აგრძელებს

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს საკუთარ დაწესებულებას, 2010 წლის 20 სექტემბერი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი.
Sergei Ilnitsky/AP

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომზე 11 ნოემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში სამხედრო სტრუქტურების ფორმირებას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

ISW-ის ინფორმაციით, პრიგოჟინთან დაკავშირებულმა რუსულმა გამოცემამ 11 ნოემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ამზადებენ ბელგოროდის ოლქის მოსახლეობას ვაგნერის მიერ დაქირავებული ინსტრუქტორები იარაღისა და პირველადი დახმარების სამედიცინო ნაკრების გამოყენებაში.

პრიგოჟინმა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ ვაგნერის ჯგუფი კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში სამხედრო სტრუქტურების ფორმირებას გეგმავს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის მიღმა იმოქმედებენ. პრიგოჟინის სიტყვებით, რუსეთი საკუთარი მიწის დასაცავად მზად უნდა იყოს.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა  ხერსონის ოლქის დასავლეთი ნაწილი თითქმის სრულად გაათავისუფლეს. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა ჯარების გაყვანა ადგილობრივი დროით 11 ნოემბრის დილის 5 საათზე დაასრულეს. სავარაუდოა, რომ რუსი სამხედროების ნაწილი კვლავ რჩება დასავლეთ სანაპიროზე. ISW-ის აზრით, ისინი, სავარაუდოდ, მთელ რეგიონში გაიფანტნენ და უკრაინის წინსვლის ფონზე უკან დახევას ცდილობენ. 

ISW-ის ცნობით, უცნობია, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი რჩება დასავლეთ სანაპიროზე. რუსული წყაროების მტკიცებით, მათი გაყვანა 3 დღე გაგრძელდა - მდინარე დნეპრზე 20 000 რუსი სამხედრო და 3 500 ერთეული სამხედრო აღჭურვილობა გადავიდა.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები