რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ლისიჩანსკის აღებას 2 უმაღლესი გენერალი მეთაურობდა, პუტინისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო

ალექსანდრ ლაპინი და სერგეი სუროვიკინი

Institute for the Study of War-ის (ISW) 3 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუს სამხედროებს ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკის აღებაში ორი უმაღლესი გენერალი, ალექსანდრ ლაპინი და სერგეი სუროვიკინი ხელმძღვანელობდნენ, რადგან ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

ამას გარდა, როგორც ანგარიშში წერია, ფრონტის მცირე მონაკვეთზე ორი მაღალი რანგის გენერლის ერთი საქმისთვის ჩართვა იმაზე მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინი დაბალი რანგის ოფიცრებს არ ენდობა.

"ცნობების მიხედვით, ლისიჩანსკის გარშემო ტაქტიკურ აქტივობებზე პასუხისმგებელია ორი ძალიან მაღალი რანგის რუსი გენერალი. ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი (რომელიც ასევე ხელმძღვანელობს უკრაინაში რუსეთის ჯარების "სამხრეთის" ჯგუფს) პასუხისმგებლები არიან ლისიჩანსკისა და ასევე მის დასავლეთით მყოფი ტერიტორიების დაკავებაზე. აღსანიშნავია ორი ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის ჩართვა ერთ საქმეში, ფრონტის მცირე ნაწილზე და ალბათ მიუთითებს მნიშვნელობაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლისიჩანსკისა და ლუგანსკის ოლქის საზღვრის აღებას მიანიჭა, ასევე იმაზე, რომ ის საქმის შესასრულებლად უფრო დაბალი რანგის ოფიცრებს არ ენდობა". – წერია ანგარიშში.

3 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკის დატოვება დაიწყეს. ლისიჩანსკი იყო ბოლო მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელსაც უკრაინელები ლუგანსკის ოლქში აკონტროლებდნენ. 

კომენტარები