რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი უკრაინაზე: იწყება ოპერაციის ახალი ფაზა, ახლა იქნება მნიშვნელოვანი მომენტი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინდურ ტელევიზიასთან, India Today-სთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში "ოპერაციის" ახალი ფაზა იწყება.

"ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმართულია, როგორც დასაწყისიდანვე იყო გამოცხადებული, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული გათავისუფლებისკენ. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება და, მგონია, ახლა იქნება მნიშვნელოვანი მომენტი". – თქვა სერგეი ლავროვმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

"ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაზეა ფოკუსირებული". – თქვა ზელენსკიმ.

აქამდე ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ "ომის მეორე ეტაპი დაიწყო".

კომენტარები