რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Times: "შამანის" სპეცდანიშნულების ძალებს ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს

სერჟანტი "კრასავჩიკი"
The Times

ბრიტანული მედია The Times-ი ავრცელებს ინფორმაციას უკრაინელების შეიარაღებული ძალების სპეცდნაშნულების ერთ-ერთ რაზმზე, შამანის ბატალიონზე, რომელიც, გამოცემის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე საბოტაჟის მოწყობით არის დაკავებული.

The Times-ის ცნობით, მათთან ბატალიონის ორმა წევრმა და დაზვერვირს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი ფარული თავდასხმების ერთ-ერთი მისია რუსეთის ომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.

ზუსტი სამიზნეები გასაიდუმლოებულია, თუმცა, როგორც The Times-ი წერს, საზღვრის მეორე მხარეს თავდასხმები ხსნის რუსულ ნავთობის გადამამუშავებლების, ტყვია-წამლის საწყობებისა და საკომუნიკაციო ქსელების გაურკვეველ საბოტაჟებს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ისინი ესაუბრნენ შამანის ბატალიონის ორ სერჟანტს, ზედმეტსახელებით კრასავჩიკსა და ოცდაორს. ორივე მათგანი 25 წლის არის და როგორც The Times-ი წერს, ისინი ოკუპანტების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან. ისინი სპეცდანიშნულების ძალებში რეგულარულ ჯარში მრავალწლიანი გამოცდილების გამო აიყვანეს.

"ყველაზე საინტერესო მისიები მტრის ზურგში მუშაობაა; ფრონტის ხაზის, საზღვრის მიღმა ასაფეთქებლების განთავსება". – The Times-ის ცნობით, თქვა მათთან საუბრის დროს ოცდაორმა

"რუსებმა არ იციან რა მოხდა, მათ არ სჯერათ ხოლმე რომ იქ ვიყავით". – დაამატა კრასავჩიკმა.

შამანი უკრაინის მე-10 სპეცდანიშნულების რაზმის ზედმეტსახელია. რაზმი მხოლოდ მათ იღებს, ვისაც ყველაზე მკაცრი პირობები აქვთ გამოვლილი და ნაჩვენები აქვთ საკუთარი გადარჩენის შესაძლებლობები. დანაყოფი სპეციალიზირდება ყვინთვაში, პარაშუტით ხტომასა და მთამსვლელობაში.

"ჩვენ მათ ურთულესი დავალებების შესასრულებლად ვგზავნით, რადგან ისინი საუკეთესეობი და ყველაზე მამაცები არიან". – თქვა The Times-თან უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანმა. 

ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში სპეცრაზმელებმა თქვეს, რომ უკეთესი მომზადების მიუხედავად, თავდასხმა მაინც მოულოდნელი იყო. "ყოველ დღე გვეუბნებოდნენ, რომ თავდასხმა ხვალ დაიწყებოდა, არ იწყებოდა. როდესაც საბოლოოდ დაიწყო, არ მჯეროდა". – თქვა კრასავჩიკმა.

მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ რუსულ სპეცრაზმთან დაპირისპირება, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტში, სადაც რუსებს კიევის მიმართულების საჰაერო მომარაგების წერტილის დაკავება სურდათ. 

"პოზიციები ანგრებსა და ყაზარმებში დავიკავეთ, ჩართული ვიყავით ოთხსაათიან შეტაკებაში, სანამ ეროვნული გვარდიის სამხედროებით ჩანაცვლება არ დაგვჭირდა". – თქვა კრასავჩიკმა.

შამანის ბატალიონი კიევისთვის ყველა დიდ ბრძოლაში იყო ჩართული. მათ ოკუპანტებზე თავდასხმები ჩერნობილის გაუცხოების ზონაში, ბელარუსის საზღვრამდე გააგრძელეს.

შამანის სპეცრაზმელებმა ომის ახალი ფაზის სირთულეებზეც ისაუბრეს.

"ამჟამად არ არის ყველა საჭირო დავალებისთვის საკმარისი რესურსი. გვყავს ხალხი, თუმცა არ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ყველას შესაფერისი იარაღი მივცეთ. ეს არის არტილერიისა და ავიაციის ომი, ჩვენ ორივე უფრო მეტი გვჭირდება". – თქვა ოცდაორმა და აღნიშნა რომ სანამ ეს რესურსები ექნებათ, ისინი ფრონტის ხაზზე გამოუცდელ მებრძოლებს ეხმარებიან.

"ომში როცა წავედი 18 წლის ვიყავი, სხვანაირი მსოფლიო არ მინახავს, მშვიდობა არ მინახავს. ჩემი ზრდასრული ცხოვრების დაწყებიდან, მხოლოდ ამას ვხედავ, ასე რომ, [ახლა] ცხოვრებაში სხვანაირ სურათს არ ვხედავ. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ახალგაზრდა, 18 ან 19 წლის, ჯარში ეწერება. შეიძლება მხოლოდ ერთი შაშხანა და მჭიდი ჰქონდეთ, მაგრამ გზას აგრძელებენ, რადგან ეს საჭიროა. ამაზე მახსენდება როცა ამ ასაკის ვიყავით და მივხვდით, რომ მომდევნო თაობაც ომთან ერთად გაიზრდება. ეს რუსეთის ბრალია". – თქვა The Times-თან ოცდაორმა.

"ყველას საკუთარი მოტივაცია აქვს. ვიღაცას ცოლი ჰყავს, ვიღაცას უკვე აღარ ჰყავს ცოლი, ზოგ ხალხს ოკუპირებულ ხერსონში ან ნიკოლაევში, რუსული არტილერიის ქვეშ ჰყავთ ოჯახები. ჩემთვის ბრძოლის მოტივაცია განსხვავებულია, მსურს სამოქალაქო ცხოვრება ვიხილო. [მსურს] მომდევნო თაობას რუსეთთან ომი არ მოუწიოს". – დაამატა ოცდაორმა.

კომენტარები