რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს

Ukrainian Presidential Press Service

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუმცა ამისთვის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი, ამის გამო დაიწყეს ომი". – თქვა ზელენსკიმ რუსულ მედიებთან ინტერვიუსას.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახალი შეთანხმება სერიოზული უნდა იყოს და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი უბრალო ფურცელი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი, რადგან კონსტიტუციაში მსგავს ცვლილებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები