რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ზამთარს ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოვიყენებთ

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა გამოცემა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ზამთარი საბრძოლო მოქმედებებს შეანელებს და უკრაინა, ამ პერიოდს, ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოიყენებს.

"ჩვენ ამ დროს (ზამთარს) ჩვენი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური შედეგისთვის, მათი გადაჯგუფებისთვის, განახლებისა და როტაციისთვის გამოვიყენებთ და კარგად მოვამზადებთ". – თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, ზამთარს რუსეთიც შესასვენებლად გამოიყენებს.

"ზამთარი ბრძოლის ველზე ყველანაირ აქტიურობას შეანელებს, ორივე მხარისთვის... ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. დასვენება საჭიროა". – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 

ოლეკსი რეზნიკოვმა ქალაქი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკან დახევის გამოცხადების მიუხედავად, ოკუპანტებს ამ რეგიონში 40 000 სამხედრო ჰყავთ და მათი ძალები ქალაქშიც არიან დარჩენილები.

"არაა მარტივი ხერსონიდან ამდენი სამხედროს  1-2 დღეში გაყვანა. როგორც მინიმუმ, ერთი კვირა იქნება საჭირო". – თქვა რეზნიკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია, ამიტომ კიევი საკუთარ გეგმაზეა ფოკუსირებული.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების გაყვანა ძალებს ორივე მხარისთვის გაათავისუფლებს, რათა ისინი სხვა რეგიონში გადაიყვანონ. მისი ვარაუდით, რუსეთი ამ სამხედროებით მეზობელ რეგიონში, ზაპოროჟიეში გაიმყარებს პოზიციებს.


9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები