რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ

Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებს განაგრძობენ. ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტებმა პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი აიღეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკზე ზეწოლას განაგრძობენ, უკრაინა რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს. შესაბამისად, რუსეთი დონბასს სრულად ვერ აკონტროლებს. 

რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის (SGF) მთავარი დავალება სამხრეთ უკრაინის ოკუპაციაა. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტანკები საწყობიდან SGF-ის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა.

T-62-ები ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინაშე დაუცველი იქნება და მათი ბრძოლის ველზე  ყოფნა რუსეთის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები