რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუს მტკიცებით, უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხე არსებობს

რუსეთის თავდაცვისმინისტრი, სერგეი შოიგუ
REUTERS

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დღეს, 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბრები საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან, აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა

შოიგუმ NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას "ბინძური ბომბის" აფეთქება შეუძლია. მისი თქმით, ეს არის მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს. რუსეთს რაიმე მტკიცებულება, რომელიც შოიგუს განცხადებას დაადასტურებს, არ წარმოუდგენია.

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით", რომელიც ვებ-გვერდზე ძველი თარიღით, 23 სექტემბრით აიტვირთა. 

სტატიაში მოყვანილი ცნობები "ბინძურ ბომბთან" დაკავშირებით რუსეთის "სანდო წყაროებს" ეყრდნობა, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამგვარი ბომბის არსებობას, ან უკრაინაში მზადების პროცესს დაადასტურებს, არ არსებობს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინის ხელისუფლება "ბინძური ბომბის" დამზადების დასკვნით ეტაპზეა, ხოლო ბირთვული კომპონენტების მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნებთან აწარმოებს. 

კრემლს გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, NATO-ს ქვეყნების მინისტრებს შოიგუ სწორედ "ბინძური ბომბის" თემაზე ესაუბრა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატია კრემლის პოზიციას ზუსტად ასახავს.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრთან, სებასტიან ლეკორნოსთან საუბრისას, რომლის შესახებაც ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა, შოიგუმ თქვა, რომ მოსკოვს აშფოთებს ის ფაქტი, რომ კონფლიქტი "უკონტროლო ესკალაციისკენ" მიდის. 

"მათ განიხილეს სიტუაცია უკრაინაში, რომელიც ძალიან სწრაფად უარესდება. ეს არის ტენდენცია, რომელსაც უკონტროლო ესკალაციისკენ მივყავართ". - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ლეკორნომ საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა და დასძინა, რომ პარიზი რაიმე სახის ესკალაციაში არ ჩაერთვება.

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენ უოლასმა უარყო შოიგუს პრეტენზია, რომ დასავლეთის ქვეყნები კიევს კონფლიქტის ესკალაციაში ხელს უწყობენ. 

რუსეთის განცხადებებმა და უკრაინის მიმართულებით ბრალდებებმა აკრძალული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, დასავლეთში გააჩინა ეჭვი იმაზე, რომ მოსკოვი შესაძლოა თავად ემზადება ბირთვული ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის, ამგვარი სქემებით კი ეცდება, რომ დანაშაული კიევს გადააბრალოს.

კომენტარები