რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის 95%-ს აკონტროლებენ

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების შედეგად სტაბილურ წინსვლას მიაღწიეს. ამასთან ერთად, უკრაინის ქვედანაყოფები პოზიციებს ინარჩუნებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინა თავდასხმებთან შედარებით საბრძოლო მოქმედებები ამჟამად "მაქსიმალური ინტენსივობით“ მიმდინარეობს და სავარაუდოდ  ესკალაცია გაგრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ალექსანდრე მოტუზიანიკმა რუსეთის მიღწევები „დროებით წარმატებად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ უკრაინის ძალები მანევრულ თავდაცვას იყენებენ, რათა საკვანძო რაიონებში ოკუპანტების წინსვლა შეზღუდონ. რუსეთის სამხედრო ძალებმა ლუგანსკის ოლქის 95%-ზე მეტ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს და უახლოეს დღეებში სევეროდონეცკის აღების მცდელობებს გააგრძელებენ. 

  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ირგვლივ სტაბილურ წინსვლას განაგრძობენ და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას შეეცდებიან.
  • რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები (მათ შორის ვეტერანები და სამხედრო კომენტატორები) უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარუმატებლობას აკრიტიკებენ და რუსეთს შემდგომი მობილიზაციისკენ მოუწოდებენ, რომლის განხორციელებაც კრემლს, სავარაუდოდ, არ სურს და მოკლევადიან პერიოდში არ შეუძლია.

კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები