რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დასრულდა – რუსეთის თავდაცვა

რუსი ოკუპანტები უკრაინაში
ეგორ ალეევი/ТАСС

რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დასრულდა. 

"ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია რეზერვში მყოფი პირების სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, დასრულებულია". - ციტირებს RIA სამინისტროს. 

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაცია" დასრულდა და, მისივე თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა - აქედან 41 000 აქტიურ სამსახურში.

შოიგუს საპასუხოდ, პუტინმა აღიარა მობილიზაციის პრობლემები და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შეუძლებელია. 

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და შევასწოროთ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი, მათ შორის, სახმელეთო ჯარების აგებულება". - აღნიშნა პუტინმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები