რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, მათ უკრაინის ქალაქი იზიუმი აიღეს

რუსი სამხედრო უკრაინაში შეჭრილი ტანკების კოლონიდან
ria.ru

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქში მყოფ ქალაქ იზიუმზე. 

ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა. მისი თქმით, ქალაქზე კონტროლი 24 მარტის გამთენიისას მოიპოვეს.

რუსეთის მხარის ინფორმაციით, მათ დესანტი, რომელიც შედგებოდა რუსეთის გვარდიისა და სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის სამხედროებისგან, იზიუმის მიმდებარედ 20 მარტს შეუმჩნევლად გადასხეს. 

ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია უკრაინულ მხარეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები