დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი, ბანგი

აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ამის შესახებ Deutsche Welle დეპორტირებულთა შორის მყოფი ირანელი აქტივისტის ადვოკატზე, ირანულ-ამერიკული სამართლებრივი დაცვის ფონდის დირექტორის, ალი რაჰნამას განცხადებასა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს

გამოცემა აღნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცედურა სადავო შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს გააძევოს მიგრანტები, რომელთა სამშობლოში გაძევებაც უკანონოა.

ლუიზიანადან ხუთშაბათს ღამით გაფრენილ თვითმფრინავში დაახლოებით ორი ათეული მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პროდემოკრატიული აქტივისტი, განაცხადა მისმა ადვოკატმა. თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში 12 ივნისს დაეშვა.

ალი რაჰნამას თქმით, რეისზე ასევე უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, იორდანიისა და ავღანეთის მოქალაქეები.

DW აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად განთავსდებოდნენ დეპორტირებული პირები ან რამდენ ხანს დარჩებოდნენ ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არ გავრცელებულა.

აშშ-ს საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ Associated Press-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით მეხანძრეთა ბაზაზე განათავსეს, რომელიც ბანგიში მშენებარე საელჩოს კომპლექსის მახლობლად მდებარეობს.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ აფრიკისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასთან რამდენიმე ფართოდ გაკრიტიკებული შეთანხმება გააფორმა, რომელთა მიხედვითაც აშშ-ს აღნიშნულ ქვეყნებში იმ მიგრანტების გაგზავნა შეუძლია, რომელთა სამშობლოში დაბრუნება აშშ-ს კანომდებლობის მიხედვით უკანონოა. ხშირად ეს დეპორტირებული პირებისთვის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არსებულ საფრთხეებს უკავშირდება.

DW წერს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ ამ შეთანხმებების კანონიერებას, თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ისინი სრულად კანონიერია. უფლებადამცველთა თქმით, აშშ-მ ათასობით ადამიანი გააძევა თითქმის ორ ათეულ ქვეყანაში, რომლებიც მათი სამშობლო არ არის.

საიმიგრაციო საკითხების იურისტები ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ ეს შეთანხმებები სამართლებრივ ხვრელებს იყენებენ, რათა აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლები საკუთარ ქვეყნებში ირიბად დააბრუნონ - დეპორტირებულთა მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-ს სასამართლოების მიერ ჰქონდა მიღებული სამართლებრივი დაცვა, რომელიც მათ სამშობლოში რეპატრიაციას კრძალავდა.

კომენტარები