რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ოდესის პორტს ტოვებს

Ukrainian Presidential Press Office via AP

საერთაშორისო შეთანხმებით, შიმშილის მზარდი კრიზისის შესამცირებლად უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემმა ოდესის პორტი დატოვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სატვირთო გემი Razoni ოდესიდან ლიბანში გაემგზავრა. გაეროს განცხადების მიხედვით კი გემი 26 000 ტონაზე მეტ სიმინდს გადაიტანს.

"დღეს უკრაინამ, პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს შიმშილის პრევენციისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა". - აღნიშნა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლეკსანდრ კუბრაკოვმა.

კუბრაკოვის თქმით, ეს პროცესი უკრაინის ეკონომიკასაც დაეხმარება. მისი განმარტებით, პორტების განბლოკვა უკრაინას მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალს, ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სექტორის მომავლის წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს. 

თურქეთის სამინისტროს ცნობით,  22 ივლისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პორტებიდან სხვა გემებიც გაემგზავრებიან. თუმცა ჯერ დამატებითი დეტალები უცნობია.

22 ივლისს, მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". 

გუტერეშის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

კომენტარები