რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ მუშაობს პოლონეთთან შეთანხმებაზე, რომ ვარშავამ უკრაინას გამანადგურებელები მიაწოდოს

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29

აშშ პოლონეთთან მუშაობს, რათა ვარშავამ უკრაინას ავიაგამანადგურებლები მიაწოდოს. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობენ. 

"ფაქტობრივად, ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან, თუ რითი შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები, თუ გადაწყვეტენ, რომ ეს რეაქტიული თვითმფრინავები უკრაინას მიაწოდონ", – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას МиГ-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა. მსგავსი გაცვლის შესახებ არსებულ ინფორმაციას პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ამ საკითხზე პოლონეთთან და NATO-ს სხვა მოკავშირეებთან საუბრობენ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს "პოლონეთის დამოუკიდებლად გადასაწყვეტია". 

ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ გამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები და გაურკვევლობები. 

"[უკრაინაში] გადაიფრენენ? საიდან აფრინდებიან? სად დასხდებიან? ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია", – აღნიშნა ფსაკიმ და დაამატა მსგავსი იარაღის გადაცემის ლოგისტიკურ სირთულეებზეც.

CBS News-თან ყოფილმა ამერიკელმა პოლკოვნიკმა თქვა, რომ საქმე არა ლოგისტიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემებია. 

"ეს ლოგისტიკური საკითხი არაა. ეს პოლიტიკური საკითხია. პოლიტიკური საკითხია, რადგან თუ გაქვს პოლონური თვითმფრინავი და ჩასვამ უკრაინელ პილოტს, შემდეგ ეს პილოტი თუ გაფრინდება უკრაინაში და რუსებთან იბრძოლებს, რუსეთს შეუძლია პოლონეთი ომის თანამონაწილე მხარედ ჩათვალოს, რადგან ის საკუთარი მიწიდან უკრაინაში თვითმფრინავებს აფრენს. ასე რომ, პოლონელები ძალიან, ძალიან ნერვიულობენ ამაზე და სურთ ძალიან ფრთხილად იყონ, რათა რუსეთის საპასუხო ქმედებების წინაშე არ დადგნენ", – თქვა ყოფილმა ამერიკელმა პოლკოვნიკმა. მან ასევე დაამატა, რომ მისი აზრით, პოლონეთი, დიდი ალბათობით, აშშ-სთან მოლაპარაკებას დათანხმდება, რადგან თან ურკაინის დახმარების დიდი სურვილი არსებობს, პარალელურად კი რუსული გამანადგურებლების ნაცვლად ახალი ამერიკული F-16 სურთ. 

კომენტარები