რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთის შუამავლობით აზოვსტალიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება

დაჭრილი უკრაინელი სამხედრო აზოვსტალში

უკრაინის ვიცეპრემიერისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, თურქეთის შუამავლობით მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება.

ვერეშჩუკის თქმით, ევაკუაცია მძიმედ დაჭრილებით დაიწყება. 

"დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. [ჩართული] არის წითელი ჯვარი. ისინი დღეს რუსებს ხვდებიან. მათთან და გაერო-სთან ერთად მოლაპარაკება ვაწარმოეთ და მანდატი გადავეცით.

გვსურს ხელმოწერილი იყოს დოკუმენტი: ზუსტად როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია, ვემზადებით ხელმოწერისთვის". – თქვა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკმა დააზუსტა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. ვიცეპრემიერის ინფორმაციით, სპეცოპერაციას რამდენიმე ეტაპი ექნება.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 მაისს აზოვსტალიდან შესაძლებელი გახდა ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები