ვაგნერის ჯგუფი

გავრცელდა კადრები, რომლებშიც ვაგნერისთვის პატიმრებს, სავარაუდოდ, პრიგოჟინი იბირებს

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ჩანს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის სავარაუდო დამფინანსებელი, რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.

არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ 5-წუთიან, დაბალი ხარისხის ვიდეოში პირი, რომელიც პატიმრებს ესაუბრება, ევგენი პრიგოჟინია, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობა და ხმა მსგავსი აქვს. უცნობია, ვინ არის ვიდეოს ავტორი.

ვიდეოჩანაწერში მოსაუბრე პატიმრებს ვაგნერში მსახურების წესებს უხსნის. მისი თქმით, აკრძალულია დეზერტირობა, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება, მაროდიორობა, ადგილობრივებთან "სექსუალურ კონტაქტში შესვლის" ჩათვლით. 

პატიმრების გადმომბირებელი ჩანაწერში ამბობს, რომ მინიმალური ასაკი, ვისაც მიიღებენ, 22 წელია, მაქსიმალური კი – 50. 22 წელზე უმცროსებს დასჭირდებათ თანხმობის საბუთი ნათესავებისგან. მისივე თქმით, თუ ვაგნერში გაწევრიანების მსურველი 50 წელს არის გადაცილებული, მაგრამ ძლიერია, ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას. 

პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, ასევე საუბრობს საკუთარ ჯგუფში პატიმრების გამოყენების პირველ შემთხვევაზე. 

"პირველი პატიმრები, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ, იყვნენ 1 ივნისს, უგლედარსკის თბოელექტროცენტრალის შტურმის დროს. 40 კაცი პიტერიდან, მკაცრი რეჟიმი, რეციდივისტები. მოწინააღმდეგის სანგარში 40 კაცი შევიდა, დანებით აკუწეს, იყო სამი დაღუპული, შვიდი დაჭრილი. სამი დაღუპულიდან ერთი 52 წლის იყო, 30 წელი [ციხეში] იჯდა, მოკვდა გმირულად". – ამბობს პირი, რომელიც, ნავალნის გუნდის მტკიცებით, პრიგოჟინია. 

პირი, რომელიც პრიგოჟინს ჰგავს, ჩანაწერში ამბობს, რომ მას სჭირდება მოიერიშე ქვეითები და მისი ხალხის 60% ამ მოვალეობას ასრულებს. ის ასევე რამდენჯერმე ახსენებს, რომ გააჩნია დიდი სამხედრო მარაგი და იერიშისთვის საჭირო ტექნიკა, თვითმფრინავები, ტანკები და ა.შ. 

პირის მიხედვით, ბრძოლაში დაღუპულთა ნეშტებს გადაასვენებენ იქ, სადაც ანდერძში მიუთითებენ, დაკრძალავენ რომელიმე ე.წ. გმირთა ხეივანში, ან, თუ გადასვენების ადგილი მითითებული არ ექნებათ, დაკრძალავენ ვაგნერის სამრეკლოსთან, ქალაქ გორიაჩი კლიუჩში. 

სავარაუდოდ, პრიგოჟინის სიტყვების მიხედვით, პატიმრები ვაგნერის ჯგუფთან ნახევარწლიან კონტრაქტს აფორმებენ, ფრონტიდან უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. ნახევარი წლის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ კერძო სამხედრო კომპანიაში დარჩენა. ნახევარი წელში პატიმრებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ და შეწყალებულ იქნებიან მისჯილი სასჯელისგან.

ვიდეოჩანაწერში მოსაუბრე კაცი პატიმრებს აფრთხილებს, რომ დეზერტირობა დახვრეტით ისჯება.

"ვინც მოდის და პირველ დღეს ამბობს სადღაც სხვაგან მოვხვდიო, დეზერტირის იარლიყს ვაკრავთ და ამას მოჰყვება დახვრეტა". – ამბობს კაცი, რომელიც, შესაძლოა, პრიგოჟინი იყოს.

"გარანტიებისა და ნდობის საკითხები შემდეგია: გყავთ ვინმე, ვინც ათწლიანი სასჯელისგან აქედან, ზონიდან გამოგიყვანთ? გყავთ? მხოლოდ ორს შეუძლია გამოყვანა: ალლაჰსა და ღმერთს, ხის ყუთით. მე თქვენ ცოცხლები მიმყავხართ, მაგრამ ყოველთვის ცოცხლად ვერ გაბრუნებთ". – ამბობს ჩანაწერში პირი.

ბოლო პერიოდია, რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფისთვის კოლონიებიდან პატიმრების დაქირავება დაიწყო. აგვისტოს ბოლოს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Важные истории წერდა, რომ პრიგოჟინმა ივანოვის ოლქში სამი კოლონიიდან 650 პატიმარი აიყვანა. სექტემბრის დასაწყისში კი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ჟურნალისტების შექმნილი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Vot-tak.tv იტყობინებოდა, რომ პრიგოჟინმა როსტოვის ოლქში ორი კოლონიიდან 1000-მდე პატიმარი დაიქირავა.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრი, ომის კვლევი ინსტიტუტი (ISW) პრიგოჟინის ფრონტის ხაზზე ჩასვლასთან დაკავშირებით წერდა, რომ მისი ეს ქმედება, სავარაუდოდ, რეკრუტირებისა და ვაგნერის ჯგუფის დაფინანსების საკითხებს უკავშირდებოდა, ვიდრე სამხედრო მოქმედებების შემოწმებას, რადგან მას სამხედრო გამოცდილება არ აქვს და ჯგუფის დამფინანსებელია, არა მისი სამხედრო მეთაური.

ულტრამემარჯვენე რუსი პოლიტიკოსი, ვიტალი მილონოვი (მარცხნივ) და ევგენი პრიგოჟინი (მარჯვნივ), სავარაუდოდ აღმოსავლეთ უკრაინაში.

ბრიტანული დაზვერვის ივლისის ინფორმაციით, რუსეთი ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას უკრაინაში ისე იყენებს, როგორც რეგულარულ ჯარს, რაც ძირს უთხრის მოსკოვის ხანგრძლივ პოზიციას, რომ დაქირავებულთა ამ ჯგუფს კრემლთან კავშირი არ აქვს. 

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაჯგუფება ვაგნერს უკავშირებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

2 წლის წინ უკრაინის დაზვერვა ვაგნერის მებრძოლების მოტყუებასა და დაკავებას გეგმავდა, თუმცა სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ბელარუსში ჩაიშალა.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები