Institute for the Study of War-ის (ISW) 19 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუსი ნაციონალისტებისა და ომის მხარდამჭერების მხრიდან მომძლავრებულია მოთხოვნა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიზნები გააფართოოს, დაიწყოს სრული მობილიზაცია ომისთვის და მიატოვოს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" კონტექსტი.
ISW ეყრდნობა ყოფილი რუსი სამხედრო მეთაურისა და ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერის, იგორ გირკინის მოწოდებებს. გირკინს ჩამოთვლილი აქვს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ზომების სია, რომელთა გატარებისკენ კრემლს მოუწოდებს, რათა ომი მოიგონ. სიაში პირველი არის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" რიტორიკის მიტოვება და უკრაინაში ომის ოფიციალური მიზნების განსაზღვრა.
ამას გარდა, გირკინს სურს მიზნად დაისახონ ფართო ტერიტორიების დაკავება, რუსეთთან გააერთიანონ ე.წ. "ნოვოროსია" (რაც გირკინისთვის მოიცავს ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს) და შექმნან ე.წ. "მალოროსია", რომელიც უკრაინის მთელი დანარჩენი ტერიტორია იქნება და გირკინის აზრით რუსეთი-ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს.
გირკინი ასევე გამოთქვამს აზრს, რომ კრემლმა რუსული ეკონომიკა სრულად მოარგოს ომს და მიიღოს მობილიზაციის ზომები, დაძალებული გაწვევებითა და რუსეთის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვით. გირკინის აზრით კრემლი უკრაინაში ამბიციის ნაკლებობას იჩენს.
გირკინის კრიტიკული პოზიციისგან განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა არანაკლებ მაქსიმალისტური მიზნები აქვს სამხედრო ბლოგერ იური კოტიენოკს. მისი თქმით, კრემლი განზრახ აჭიანურებს უკრაინაში ომს და კონკრეტული საბოლოო ვადებისა და მიზნების დასახელებაზე უარის თქმით კონფლიქტის "სირიიზაციას" ცდილობენ.
როგორც ISW ანგარიშში აღნიშნავს, სირიის სცენარის მომხრეები ქმნიან წინაპირობას ხანგრძლივი ომისთვის, რაც კრემლს შეუნარჩუნებს სახეს, თავდაპირველად დაგეგმილი მცირე პერიოდში მისაღწევი მიზნების ჩავარდნის შემდეგ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინს, რა თქმა უნდა, შეუძლია უგულებელყოს სამხედრო ბლოგერები, თუმცა ახლო წარსულში მათი პოზიციებისთვის ყურადღება მიუქცევია. ასევე მას შეუძლია მათ მიერ ხსენებული ნარატივების სხვადასხვაგვარად წარმართვა.





