ვაგნერის ჯგუფი

პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად დაადასტურა

Misha Japaridze/AP

რუსმა ბიზნესმენმა,  ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი საჯაროდ პირველად აღიარა

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფია, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

მანამდე, ჟურნალისტური გამოძიებები ბიზნესმენის მიერ ვაგნერის ჯგუფის დაფინანსებაზე საუბრობდნენ, თუმცა ამას პრიგოჟინი უარყოფდა.

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ 2014 წელს მან თავად შექმნა ვაგნერის ჯგუფი. მისი თქმით, მან თავად შეკრიბა კომპანია "ერთ-ერთ სასწავლო ბაზაზე", მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ იმ მებრძოლეების არაეფექტურობაში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში აპირებდნენ ბრძოლას. 

პრიგოჟინის განმარტებით, ის დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა ჯგუფთან მისი კავშირის აღიარებას, რათა საფრთხე არ შეექმნა წევრებისთვის. ბიზნესმენმა ვაგნერის წევრებს "რუსული პატრიოტიზმის საფუძველი" უწოდა. მისი თქმით, ჯგუფმა 2014 წელს უკრაინის არმიისგან ლუგანსკის აეროპორტი "და მრავალი სხვა ტერიტორია დაიბრუნა".  პრიგოჟინის სიტყვებით, დაქირავებული სამხედროები "გმირები" არიან, რომლებიც "იცავდნენ სირიისა და არაბული ქვეყნების სხვა ხალხებს, გასაჭირში მყოფ აფრიკელებს და ლათინო ამერიკელებს".

მანამდე, ევგენი პრიგოჟინმა უარყო ვაგნერის ჯგუფის საქმიანობაში ჩართულობა და უჩივლა ჟურნალისტებს, რომლებიც მას კომპანიის მფლობელს უწოდებდნენ. 2022 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ არასანდოდ მიიჩნია რადიო Эхо Москвы-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის სიტყვები, რომ პრიგოჟინი იყო ვაგნერის ჯგუფის მფლობელი.

15 სექტემბერს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, პრიგოჟინი ჩანდა. ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.

ბიზნესმენის აღიარებამდეც, ევროკავშირის ანგარიშში ვკითხულობდით, რომ დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები