რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს

HIMARS-ის სისტემა
Lockheed Martin

CNN-ს აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი უდასტურებს, რომ ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს.

შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება, დაახლოებით, 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.

ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ოფიციალურად 1-ელ ივნისს გამოცხადდება, ასევე მოიცავს სადაზვერვო რადარებს, დამატებით ჯაველინებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღებს, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და ნაწილებს აღჭურვილობის შესაკეთებლად.

აქამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს მიაწვდიდა. 

გასულ დღეს, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდის ისეთ იარაღს, რომელიც მათ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის საშუალებას მისცემს. 

გასულ დღეებში CNN-თან ანონიმური წყარო ამბობდა, რომ აშშ უკრაინისთვის თანამედროვე, დიდი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის ემზადებოდა. 

გასულ დღეებში უკრაინა ითხოვდა ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა (MLRS) და HIMARS-ს. ამ სისტემებს რაკეტების სროლა იმაზე შორს შეუძლიათ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად მყოფ ზალპური ცეცხლის სისტემებს.

კომენტარები