რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ჯარმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის 20% დაიბრუნა – გაიდაი

სევეროდონეცკი, 2 ივნისი
REUTERS/Serhii Nuzhnenko

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის, დაახლოებით, 20% დაიბრუნეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო, რუსეთს ტერიტორიის, დაახლოებით, 70% ეკავა, ჩვენ უკვე დავიბრუნეთ მათი 20%". – თქვა გაიდაიმ.

ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი თავდაცვითი პოზიციების დაბომბვა 3 ივნისსაც გრძელდებოდა, რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქზე საჰაერო იერიშიც მიაქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები