რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა თითქმის ყველგან გაჩერებულია

პენტაგონის ანონიმური ბრიფინგის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ყველა მიმართულებით გაჩერებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში რუსული ჯარები გადაჯგუფებისთვის შეგნებულად შეჩერდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათი გაჩერება უკრაინელების წინააღმდეგობით არის გამოწვეული, ეს ეხება კიევის მიმართულებით მოძრაობასაც გოსტომელის მხრიდან.

უწყების თქმით, 13 მარტს პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაცილებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას გავლენა არ ჰქონია უკრაინისთვის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ბაზაზე არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედროები და არც სამოქალაქო პირები.

ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთის დასახმარებლად მზადაა. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის შედეგები დადგება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები