რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანული დაზვერვა: ვაგნერის ჯგუფს რუსეთი რეგულარული ჯარივით იყენებს

ვაგნერის ჯგუფის შევრონი

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას უკრაინაში ისე იყენებს, როგორც რეგულარულ ჯარს, რაც ძირს უთხრის მოსკოვის ხანგრძლივ პოზიციას, რომ დაქირავებულთა ამ ჯგუფს კრემლთან კავშირი არ აქვს. 

"მარტის შემდეგ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯართან კოორდინირებულად მოქმედებს. ვაგნერს, სავარაუდოდ, გამოუყვეს პასუხისმგებლობა ფრონტის ხაზის კონკრეტულ სექტორებზე, ისე, როგორც რეგულარული არმიის დანაყოფებს". – წერს ბრიტანული დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება 2015 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფი ფართომასშტაბურ, რეგულარულ რუსულ სამხედრო აქტივობებში არ მონაწილეობდა.

"ინტეგრაციის ეს ახალი დონე კიდევ უფრო უთხრის ძირს რუსეთის ხელისუფლების დიდხნიან პოლიტიკას, კერძო სამხედრო კომპანიებთან რუსეთის მთავრობის კავშირების უარყოფაზე. ვაგნერის როლი, სავარაუდოდ, შეიცვალა რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ქვეითთა მნიშვნელოვანი ნაკლებობა აქვს, თუმცაღა, ვაგნერის ძალები დიდი ალბათობით არაა საკმარისი ომის მიმართულების მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის". – წერს დაზვერვა.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

2 წლის წინ უკრაინის დაზვერვა ვაგნერის მებრძოლების მოტყუებასა და დაკავებას გეგმავდა, თუმცა სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ბელარუსში ჩაიშალა.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები