რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

AP-ს წყაროები: პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინის ნასროლი რაკეტა, რომელიც რუსულ რაკეტას იგერიებდა

ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების ადგილიდანაა და Twitter-ზე ვრცელდება

Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები წინასწარი შეფასებით ვარაუდობენ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინულმა ძალებმა გაისროლეს, ის რუსულ რაკეტას იგერიებდა.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა AP-სთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული. ქვეყნის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა რაკეტის შეფასების დროს უფრო ფრთხილი იყო და თქვა, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, რუსული წარმოებისაა, თუმცა მისი წარმომავლობა ჯერ კიდევ მოწმდება.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები