რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 ნოემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში რუსი ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული.

ISW-ს ანგარიშის მიხედვით, რუსეთში ძალოვანთა ფრაქცია პერსონალური ინტერესების სასარგებლოდ გავლენას ზრდიან როგორც რუსეთში, ისე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვაგნერის ჯგუფის დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ ვაგნერი სახალხო ლაშქრებისთვის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში გახსნის წვრთნისა და მენეჯმენტის ცენტრებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარების ქვეშ არ იქნება. აქამდე ISW წერდა, რომ პრიგოჟინი აგრძელებს საკუთარი დამოუკიდებელი ძალის გამყარებას, რაზეც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ის, ცნობების მიხედვით, შეხვდა კურსკელ ბიზნესმენს და მასთან რეგიონალური სახალხო ლაშქრის შექმნაზე ისაუბრა. შეხვედრა სიმბოლურად რუსეთის ერთობის დღეს, 4 ნოემბერს მოხდა. 

პრიგოჟინის აზრით, რუსეთის მაღალჩინოსნებმა სახალხო რაზმების მომარაგება ადგილობრივ, რეგიონალურ ბიზნესებს უნდა მიანდონ და არ უნდა იყვნენ კრემლზე დამოკიდებული.

"ჩვენ ვქმნით მოლაშქრეების მომზადების ცენტრს. ჩემი აზრით, ლაშქარი უნდა შედგებოდეს პირველი ხაზით, რომელიც სრულად მოცემული ოლქის მცხოვრებლებზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ ლაშქარი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს, ვთვლი, რომ არ გვჭირდება სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვა, არამედ პასუხისმგებლობის რეგიონალური ბიზნესისთვის დაკისრება". – თქვა პრიგოჟინმა.

ISW-ს ვარაუდით, ერთობის დღეს პრიგოჟინის მედიასთან გამოჩენაში ჩანდა ბიზნესებსა და რუსეთის მთავრობას შორის კოოპერაცია, რაც, კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ პრიგოჟინი ვაგნერის ძალის ზრდასა და უკრაინაში რუსეთის ერთიანი ოპერაციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

ამას გარდა, პრიგოჟინმა დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებელი სამხედრო გამაგრებების შენება, რასაც ის ვაგნერის ხაზს უწოდებს. ვაგნერის ხაზი იქნება გამაგრებების კომპლექსი როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (თუმცა ფრონტის უკან), ისე რუსეთის ბელგოროდის ოლქში. როგორც ანგარიშშა ხაზგასმული, პრიგოჟინი აგრძელებს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის, ალექსანდრ ბეგლოვის კრიტიკას და პეტერბურგში ვაგნერის ცენტრის გახსნა, ISW-ს ვარაუდით, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ პუტინის მზარეულს სურს ქალაქის ბიზნეს-წრეები მოიცვას.

ISW-ს ანგარიშის მიხედვით, ძალოვანთა ფრაქციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად, ასევე ცდილობს ბიზნეს-შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ISW ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, კადიროვი და მისი გენერლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესის ქსელებს ზრდიან. ISW დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს უკრაინულ განცხადებებს, თუმცა კადიროვი პრიგოჟინის მსგავსად იქცევა და საკუთარი ძალების რეკლამირებას ეწევა, ძირს უთხრის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. 

ISW-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში პრიგოჟინიც და კადიროვიც დამოუკიდებელ ფიგურებად რჩებიან, რადგან პუტინი უკრაინაში მათ ძალებზეა დამოკიდებული. რუსი ჟურნალისტები პრიგოჟინს ხშირად ეკითხებიან, აქვს თუ არა პოლიტიკური ამბიციები, რასაც უარყოფს ხოლმე, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ISW ხაზს უსვამს, რომ ის ხალხში ძალაუფლებაში მოსვლის წარმოდგენებს ქმნის. ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი განხილვები საფრთხეს უქმნის პუტინის მიერ საკუთარი თავის ათწლეულების დროინდელ პოზიციონირებას, რომ ის რუსეთის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ლიდერია.

ამას გარდა, ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, პრიგოჟინი კრემლის ოფიციალურ პირებთან კავშირებს ინარჩუნებს. უკრაინული წინააღმდეგობის ცენტრმა იმაზეც კი გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინს პუტინის ადმინისტრაციის მეთაურთან, ანტონ ვაინოსთან არაოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. ცენტრის მტკიცებით, მათ რუსეთის სამხედრო კამპანიასა და რუსეთის მაღალი რანგის სარდლობის ფორმიდან ამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინის ნეგატიურ გავლენებზე ისაუბრეს. ISW აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრის ღია წყაროებით დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ აქამდე დასავლელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ პრიგოჟინი, სამხედრო წარუმატებლობებთან დაკავშირებით, პუტინს ოქტომბერში პირდაპირ მიმართავდა.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები