რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინაში ომის მეორე ფაზის მიზნებს ასახელებს

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა

მისი თქმით, რუსეთის მიზანია სრული კონტროლი მოიპოვოს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. 

"სპეცოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, ის ზუსტად ორი დღის წინ უკვე დაიწყო, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება". – თქვა მინეკაევმა. 

მინეკაევის თქმით, დონბასის სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან.

"ეს (დონბასის კონტროლი) ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანს უზრუნველყოფს, ასევე, უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე იმოქმედებს, შავი ზღვის პორტებზე, საიდანაც [სხვა] ქვეყნებს სასოფლო-სამეურნეო და მეტალურგიური პროდუქცია მიეწოდებათ". – თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ.

მინეკაევმა ასევე ისაუბრა სამხრეთ უკრაინის დაკავების მნიშვნელობაზეც და გამოხატა მოლდოვის ოკუპირებულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან ხმელეთით დაკავშირების სურვილი.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – თქვა მინეკაევმა.

"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ". – დაამატა რუსმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები