რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ დააზიანა.

ცნობისთვის, 15 ივნისის ღამის საათებში რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.

კრემლმა განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტა, შესაძლოა, შეცდომით იყო გაშვებული, ვინაიდან, სამინისტროს მტკიცებით, დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას ვადაგასული შეიარაღება მიაწოდეს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ მიაქვთ და ამას არც გეგმავენ." – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ დაწერა, რომ უკრაინა UNECO-სა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და რუსულ თავდასხმაზე "მყისიერ და ადეკვატურ პასუხს" მოითხოვს.

"კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უწმინდესი ძეგლია, პუტინმა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში საკუთარი სახელი ჩაწერა.

[...] მხოლოდ რუს არამზადებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი UNESCO-ს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლია." – დაამატა სიბიჰამ.

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც ხაზი გაუსვა "რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების" პასუხად მსოფლიოს რეაგირების მნიშვნელობას.

ამას გარდა, ტაძარზე რუსეთის დარტყმას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ "კაცობრიობის, ისტორიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ" მორიგი რუსული დანაშაული უწოდა.

კომენტარები