რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საომარ მოქმედებებს მკვეთრად შეამცირებს

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. 

"რადგან უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსის, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების მზადებაზე მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ სიბრტყეში, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, ორმხრივი ნდობის გასაზრდელად და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და საბოლოო მიზნის მისაღწევად – ზემოხსენებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად და ხელმოსაწერად, მიღებულია გადაწყვეტილება მკვეთრად, მნიშვნელოვნად შემცირდეს საომარი აქტიურობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით". – წაიკითხა თავდაცვის სამინისტროს განცხადება რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.

რუსეთის ფედერაცია ამავეს მოელის უკრაინის მხარისგან. 

"გამოვმდინარეობთ იქედან, რომ კიევში მიიღებენ საპასუხო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და შეიქმნება პირობები შემდგომი ნორმალური მუშაობისთვის". – დაამატა ფომინმა.

ფომინის თქმით, დამატებითი დეტალები დელეგაციის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები