რუსეთის მარიონეტული ძალების ცნობით, ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანს აკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, მოსკოვმა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია.
ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც რუსეთის სამხედრო ძალები დონბასის საწარმოო რაიონებს უტევდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ღამით მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა. მისივე თქმით, იქ ბრძოლამ აჩვენა, რომ მოსკოვი თავის ტაქტიკას აუმჯობესებს.
"დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩვენ ქალაქი ლიმანი დავკარგეთ. რუსეთის არმიამ ის დაიპყრო, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს.
უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ აიღეს ქალაქი. ოპერაციის სწორად ორგანიზება. ეს, პრინციპში, რუსეთის არმიის ოპერატიული მენეჯმენტისა და ტაქტიკური უნარების გაზრდილ დონეზე მიუთითებს. ის გაიზარდა. ყველგან, რა თქმა უნდა, არ გაიზარდა, მაგრამ ის უდავოდ გაუმჯობესდა". - თქვა არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კიევიდან და ხარკოვიდან უკან დახევის შემდგომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. ამასთან ერთად, ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებს განაგრძობენ.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





