რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

AP: რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა და 2 ადამიანი იმსხვერპლა

ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების ადგილიდანაა და Twitter-ზე ვრცელდება

AP News-თან და The Washington Post-თან აშშ-ს დაზვერვის ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აქამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში, მარცვლეულის საშრობ ქარხანასთან მოხდა აფეთქება, რომლის მიზეზებიც უცნობი იყო. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედია წერდა, რომ პოლონეთში უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. 

პარალელურად, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რომელსაც უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ პოლონეთის მთავრობაში. მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა თქვა, რომ "კრიზისულ სიტუაციასთან" დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრა იმართება.

პოლონეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები