რუსეთი

ISW: რუსეთში ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალას იმყარებს

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

ISW-ს ანგარიშის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინი აგრძელებს მცდელობას, გაზარდოს საკუთარი სტატუსი რუსულ ელიტაში და ძალაუფლება ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. კვლევითი ცენტრი ხაზს უსვამს, რომ ის ამ ყველაფერს ადგილობრივი მაღალჩინოსნების კრიტიკითა და სანქტ-პეტერბურგში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის გახსნით ცდილობს.

ISW-ს ანგარიშში ნახსენებია ცნობები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინმა 31 ოქტომბერს რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვა გაეხსნათ საქმე სანქტ-პეტერბურგის მერის, ალექსანდრ ბეგლოვის წინააღმდეგ, "კრიმინალური საზოგადოების" ორგანიზების ბრალდებით. პრიგოჟინის ბრალდებით, ბეგლოვის კრიმინალური ქსელი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხების მოპარვასა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამდიდრებას ცდილობს. ISW-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრიგოჟინი საკუთარ კრიტიკას, შესაძლოა, საკუთარი რეპუტაციის გასამტკიცებლად იყენებდეს და შეიძლება ეს კამპანია მოქმედებს. 

ანალიტიკურ ცენტრის ანგარიშში ხაზგასმულია გამოცემა Петербургский вестник-ის სიტყვები, რომ პრიგოჟინის პოპულარობა "მკვეთრად იზრდება". გამოცემამ პრიგოჟინს ჰკითხა, აპირებს თუ არა პარტიის შექმნას ან "პოლიტიკაში წასვლას", რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა: "არ ვესწრაფვი პოპულარობას. ჩემი მიზანია შევასრულო ჩემი ვალი სამშობლოს წინაშე და დღეს არანაირი პარტიის დაარსებას, მით უმეტეს პოლიტიკაში მოსვლას, არ ვაპირებ".

ISW აღნიშნავს, რომ პრიგოჟინი, შესაძლოა, პარტიის დაარსებას არ აპირებდეს, მაგრამ ის პოლიტიკურ ძალად მყარდება, რისთვისაც პოპულარულ სტატუსსა და ვაგნერთან კავშირებს იყენებს.

ISW-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ პრიგოჟინი 31 ოქტომბერს აკრიტიკებდა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, "კომფორტის ზონაში" ცხოვრებისა და სრული მობილიზაციისთვის ხელის შეშლის გამო.

"მთავარი, რაც არ მოხდა - არ მომხდარა ელიტების მობილიზაცია. ოლიგარქები და ელიტის სხვა წარმომადგენლები, როგორც ცხოვრობდნენ უსასრულო კომფორტში, კვლავ ასეთ ცხოვრებას განაგრძობენ. სანამ მათი შვილები ომში არ წავლენ, ქვეყანაში სრული მობილიზაცია არ მოხდება". – თქვა პრიგოჟინმა რუსულ მედიასთან. 

ამას გარდა, 31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება, რომლის გახსნაც 4 ნოემბრისთვის იგეგმება. პრიგოჟინმა ცენტრი დაახასიათა შენობების კომპლექსი, სადაც შეკრებს გამომგონებლებს, დიზაინერებს, IT სპეციალისტებს და ა.შ. ეს ყველაფერი განკუთვნილი იქნება "ახალი იდეების წარმოქმნისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად, რათა რუსეთის თავდაცვის შესაძლებლობა, ინფორმაციის ჩათვლით, გაიზარდოს".

პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ მან სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივ მთავრობას ვაგნერის ცენტრის გახსნის შესახებ წინასწარ არ აცნობა, რადგან, მისი თქმით, ადგილობრივი მთავრობა არაა "ადეკვატური წარმომადგენლობითი სტრუქტურა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის მუშაობის ხელის შესაშლელად". მისივე თქმით, თუ სანქტ-პეტერბურგის ცენტრი წარმატებული იქნება, ის ქვეყანაში ვაგნერის სხვა მსგავს ოფისებსაც გახსნის. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, ვაგნერის მსგავსი სამხედრო კომპანიები უკანონოა. 

აქამდე ISW წერდა, რომ პრიგოჟინი ვაგნერის ჯგუფზე დაფუძნებულ პარალელურ სამხედრო სისტემას აყალიბებს, რაც შეიძლება პუტინისთვის საფრთხე იყოს.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი პატიმრებს იბირებს და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიაში თავისუფლების სანაცვლოდ გაწევრიანებას სთავაზობს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები