რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი და რუსეთი უკრაინის საექსპორტო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებას 8 ივნისს გამართავენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა. რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინიდან სასურსათო პროდუქციის ექსპორტისა და საზღვაო დერეფნის შექმნის საკითხებზე ისაუბრებენ. 

30 მაისს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, თურქეთთან კოორდინაციით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს ხელი შეუწყოს. 

ჩავუშოღლუს თქმით, შავი ზღვის დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები თურქეთსა და გაეროს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მოსკოვსა და კიევს შორის ეს საკითხი გადაუჭრელი რჩება. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაერომ ქვეყნებს გემების მარშრუტის მონიტორინგისთვის ერთობლივი სადამკვირვებლო მექანიზმის შექმნა შესთავაზა და დასძენს, რომ თურქეთი ამ იდეის მიმართ ღიაა.  

ასევე, 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესაუბრა. პუტინმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინას შესაძლებლობა მისცეს მარცვლეული შავი ზღვის პორტებიდან გადაზიდოს.  

"რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის". - ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პუტინმა მაკრონსა და შოლცს ასევე უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, გაზარდოს სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, თუ მასზე სანქციები მოიხსნება. ეს შეთავაზება რამდენიმე დღის წინ პუტინმა იტალიისა და ავსტრიის ლიდერებსაც წარუდგინა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, 28 მაისს უთხრა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად საერთაშორისო პარტნიორები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მუშაობენ. 

უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთს სასურსათო კრიზისის "ომის იარაღად" გამოყენებაში ადანაშაულებენ: რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულის, ზეთის, საწვავისა და სასუქების ფასი გაიზარდა. თავის მხრივ, რუსეთი ფასების ზრდას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს აბრალებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები