რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300

სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გაავრცელა. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა საკუთარი С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა უკრაინას, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისგან თავდაცვაში დახმარების მოთხოვნის შესაბამისად". – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა. 

ასევე ჰეგერმა, რომელიც კიევს ესტუმრა, ხაზი გაუსვა, რომ სლოვაკეთის თავდაცვაც უზრუნველყოფილია. გასულ თვეში NATO-ს მოკავშირეებმა სლოვაკეთში ამერიკული პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსეს.

NATO-ს წევრი სლოვაკეთის მფლობელობაში იყო საბჭოთა წარმოების С-300-ის ერთი ბატარეა, რომელიც ქვეყანას ჩეხოსლოვაკიის 1993 წელს დაშლის შემდეგ დარჩა. 

გასულ თვეში CNN-ი იუწყებოდა, რომ სლოვაკეთი მზად იყო უკრაინისთვის С-300-ის გადასაცემად. 

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს. 

რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის მსგავსი სისტემების მიწოდებას არ დაუშვებდა.

ლავროვის ამბობდა, რომ დასავლეთს არ აქვს სამართლებრივი უფლება, რუსეთის თანხმობის გარეშე, უკრაინას საბჭოთა წარმოების დანადგარები გადასცეს, რადგან მათ იარაღის სერტიფიკატები ზღუდავთ. ასევე, მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები