შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას უბრუნდება, მათი თქმით, უკრაინისგან გარანტიები მიიღეს

მარცვლეულის ჩატვირთვა ოდესის პორტში, 2021 წელი
Elena Larina/Shutterstock

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას უბრუნდება. რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, უკრაინისგან მიიღეს გარანტია, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ შეთანხმების შესაბამისად იქნება გამოყენებული.

"უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ "საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი იქნება გამოყენებული მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად"'. – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები