რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა დარია დუგინას აფეთქებასა და დაჯგუფება ეროვნული რესპუბლიკური არმიის შესახებ კიდევ ერთხელ, ამჯერად ლატვიაში დაფუძნებულ რუსულ ოპოზიციურ მედიასთან, Meduza.io-სთან ისაუბრა.
სანამ პონომარიოვი მედუზასთან ისაუბრებდა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გამოაცხადა, რომ დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი მტკიცებით, მანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა.
აქამდე, 21 აგვისტოს ილია პონომარიოვმა თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა, ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ (НРА) აიღო. მსგავსი ჯგუფის შესახებ აქამდე არანაირი საჯარო ინფორმაცია არ იძებნება. ყოფილმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ჯგუფის მანიფესტიც.
მედუზასთან ინტერვიუში პონომარიოვმა თქვა, რომ ნატალია ვოვკი აფეთქებაში არ მონაწილეობდა. მისი მტკიცებით, ის დაუკავშირდა პირებს, რომლებთანაც "რუსეთში აქვს ურთიერთობა" და მათ უთხრეს, რომ ვოვკი ამფეთქებელი არ ყოფილა. ამას გარდა, დუმის ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, ვოვკი ამ საქმეში სრულიად აუტსაიდერი არაა და "უშუალო მნიშვნელობა აქვს".
"არ მითქვამს, რომ ის თავად ფაქტთან კავშირში არაა. მე ვთქვი, რომ ის არაა ადამიანი, რომელმაც ეს თავდასხმა შეასრულა. ამას ვლაპარაკობ იმ ხალხზე დაყრდნობით, ვისთანაც კავშირი მაქვს. ეს ის ადამიანი არაა, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც დაცვას იმსახურებს". – თქვა პონომარიოვმა მედუზასთან.
პონომარიოვის მტკიცებით, ის ვოვკს რუსეთის დატოვებაში "რაღაცგვარად" დაეხმარა.
დუმის ყოფილი დეპუტატი ირწმუნება, რომ აქამდე НРА შედარებით პატარა აქტებს აწყობდა, მაგალითად, წვავდნენ სამხედრო კომისარიატის შენობებს, თუმცა ისინი უფრო მასშტაბური ქმედებებისთვის ემზადებოდნენ. პონომარიოვის თქმით, მან იცოდა, რომ ჯგუფი რაღაცას აპირებდა და დაახლოებით ხვდებოდა რასაც, თუმცა მან არ იცოდა სამიზნეების ადგილები და გვარები.
"[დუგინას მკვლელობამდე] მათ სურდათ, ასე ვთქვათ, საკუთარი ბრენდით პოზიციონირება, რაღაც თვალისმომჭრელის გაკეთება. რაღაც მომენტში მითხრეს: "თვალი ადევნეთ სიახლეებს, დღეს იქნება". იყო კიდევ რაღაც კონკრეტიკაც, უფრო ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა საბოლოო დეტალიზაცია არ ყოფილა. როცა ეს მოხდა, მათ ადგილიდან ფოტოები გამოგზავნეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ. გამოგზავნეს მანიფესტი". – თქვა პონომარიოვმა მედუზასთან. მან უარი თქვა ნახსენები ფოტოების გაზიარებაზე, რადგან, მისი მტკიცებით, ეს გარკვეულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.
პონომარიოვმა დუგინას აფეთქება გაამართლა იმით, რომ ეს ომია, ხოლო ალექსანდრ დუგინი და მისი შვილი ლეგიტიმური სამიზნეები იყვნენ, რადგან ორივე მათგანი ომის იდეოლოგიურ უზრუნველყოფაში მონაწილეობდა.
ყოფილი დეპუტატის თქმით, როგორც მას ესმის, НРА-ს თავდაპირველი მიზანი როგორც ალექსანდრ დუგინის, ისე მისი შვილის აფეთქება იყო.
პონომარიოვმა მედუზასთან საუბარში აღნიშნა, რომ НРА მას მხოლოდ ეკონტაქტება და მისგან სამიზნეებზე რჩევებს არ იღებენ.
ამას გარდა, ყოფილმა დეპუტატმა დუგინას მკვლელობის საკუთარი ვერსიის კიდევ ერთ დეტალზე ისაუბრა, რაც აქამდე არსად უხსენებიათ. მისი თქმით, აფეთქებულ მანქანაში ორი პირი იჯდა. პონომარიოვის მტკიცებით, НРА-ში რომ სცოდნოდათ, რომ მეორე პიროვნება ალექსანდრ დუგინი არ იყო, მანქანას არ ააფეთქებდნენ.
"მგონია არა, მაგრამ მათ დაინახეს, რომ მანქანაში ორი ადამიანი ჯდებოდა და იფიქრეს, რომ მეორე დუგინი იყო. ვინ იყო მეორე ადამიანი და რა მოუვიდა, არ ვიცით". – უპასუხა პონომარიოვმა მედუზას ჟურნალისტის კითხვას, დააჭერდნენ თუ არა აფეთქების ღილაკს თითს იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდათ, რომ მანქანაში ალექსანდრ დუგინი არ იჯდა.
ყოფილი დეპუტატის თქმით, НРА-მ საკონტაქტოდ სწორედ ის იმიტომ აირჩია, რომ უკრაინაში იმყოფება და მათთის საჭირო რესურსები გააჩნია.
პონომარიოვმა თქვა, რომ უკრაინაში 24 თებერვლამდე საინვესტიციო ბიზნესს ეწეოდა, ხოლო ომის დაწყების შემდეგ გამომუშავებული ფულის ხარჯვა დაიწყო. მან არ დააკონკრეტა საკუთარი საქმიანობის დეტალები.
ილია პონომარიოვი, რომელიც ახლა მტკიცე პროუკრაინულ პოზიციას იჭერს და უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვაშიც მსახურობს, მინიმუმ, 2014 წლამდე რუსეთის ელიტაში იკავებდა ადგილს, რის გამოც კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. მისი მამა პუტინის მმართველობის პირველ წლებში მთავრობაში მუშაობდა, დედა ფედერაციულ საბჭოში ჩუკოტკის ოკრუგის წარმომადგენელი იყო, თავად კი მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილესთან და ბიზნესმენთან, ვლადისლავ სურკოვთან იყო ახლოს. სურკოვთან ერთად მან შექმნა ინოვაციური ცენტრი Сколково. ამ ცენტრის გამო პონომარიოვს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მატყუარასაც ეძახდა. ყოფილმა დეპუტატმა 2012 წელს მხარი დაუჭირა ინტერნეტის რეგულაციის კანონპროექტს. ამას გარდა, პონომარიოვი რუსეთში 2008 წელს შექმნილი მარცხენა ფრონტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. მოძრაობა შინაარსით ოპოზიციური იყო, თუმცა გამოირჩეოდა ულტრა მემარცხენე იდეოლოგიით. ასევე, ყოფილმა დეპუტატმა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს დაუწერა ეკონომიკის მოდერნიზაციის კონცეფცია.
მედუზასთან საუბარში პონომარიოვი ამტკიცებდა, რომ 2002 წლიდან, მას შემდეგ რაც პოლიტიკაშია, პუტინის ოპოზიციაში იყო, დუმაში ადგილს კი "კანონიერი უფლებამოსილების მოპოვების" მიზნით იკავებდა. რაც შეეხება მედვედევს, მან თქვა, რომ ის "დიდი იმედგაცრუება და სუსტი ადამიანი გამოდგა". მისი მტკიცებით, 2014 წლამდე ხელისუფლებაში იმიტომ რჩებოდა, რომ "მართვის სადავეები შეენარჩუნებინა". მან ასევე უარყო, რომ ინოვაციური ცენტრი Сколково-სგან ფინანსური მოგება ნახა. რაც შეეხება ვლადისლავ სურკოვს, პონომარიოვის თქმით, ის მისი მეგობარი არ იყო და მასთან ერთად მხოლოდ მუშაობდა, მაგრამ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ თვლიდა.
"მათი საქმეა, მათი არჩევანია. როგორ დავარწმუნებ, მაგალითად შენ ჩემი გჯერა? ვთქვა "დედას ვფიცავ"?". – უპასუხა დუმის ყოფილმა დეპუტატმა მედუზას ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ უნდა ენდოს მას ხალხი.
პონომარიოვის თქმით, თუ НРА-დან მას ეტყვიან, რომ მათი შემდეგი სამიზნე მისი რომელიმე ყოფილი თანამშრომელია, მისი მოქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ახლა რა პოზიცია უჭირავთ ყოფილ კოლეგებს.
ყოფილმა დეპუტატმა ასევე თქვა, რომ НРА-ს სპეციალური ადამიანის შუამავლობით ეკონტაქტება. მისი თქმით, რესპუბლიკურ არმიას ზოგჯერ ФСБ-ს გამოძიებისგან ხალხის გადარჩენასა და რუსეთის დატოვებაში ეხმარება.
პონომარიოვი ამბობს, რომ ომი რუსეთის დამარცხებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ფიზიკური სიკვდილით, რუსეთის ფედერაციის განადგურებითა და ახალი რესპუბლიკის შექმნით დასრულდება.