რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
"გეთანხმებით. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა". - მიმართა შოიგუმ სუროვიკინს.
სუროვიკინმა საკუთარ მოხსენებაში ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მეთაურმა აღნიშნა, რომ ხერსონში მყოფი დაჯგუფებების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.
სუროვიკინის ინფორმაციით, ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება.
რუსული ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს სრულ გათავისუფლებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
5 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. დსრ-ს, ე.წ. ლსრ-ს, ოკუპირებული ხერსონისა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების "კანონებს".
30 სექტემბერს კი, მარიონეტ ლიდერებთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების "შეთანხმებას", რომლის ფორმალური რატიფიცირებაც შემდეგში ჯერ სახელმწიფო დუმამ მოახდინა, შემდეგ კი ფედერაციულმა საბჭომაც დააკანონა.