დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი უკრაინაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს.

"ვშიშობ, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ვხედავთ, მასშტაბების გათვალისწინებით ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში 1945 წლის შემდეგ." - თქვა ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებს მიაწოდა სადაზვერვო სამსახურების მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გეგმავს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის გავლით, არამედ ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან და კიევის ალყაში მოქცევას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მიანიშნა, რომ ბრიტანეთი და აშშ მზად არიან რუსეთისთვის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზე ვიდრე აქამდე განიხილებოდა.

აშშ-ს მთავრობის ბოლო შეფასებებით უკრაინის საზღვრებს გარშემო, რუსეთის და ბელარუსი ტერიტორიაზე და ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მთლიანობაში 169 000-190 000 რუსი სამხედროა განლაგებული.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

კომენტარები