რუსეთში აკრძალული პლატფორმის, Утро Февраля-ს ცნობით, პუტინისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ეროვნული რესპუბლიკური არმია იღებს. Утро Февраля-ს დამფუძნებლის, პოლიტიკოს ილია პონომარიოვის ცნობით, დაჯგუფება პასუხისმგებლობას იღებს ბოლო პერიოდში რუსეთში სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის აფეთქებაზეც.
ილია პონომარიოვმა ეთერში წაიკითხა ეროვნული რესპუბლიკური არმიის მანიფესტიც, რომელიც Утро Февраля-ს ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. მანიფესტში დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!
ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა.
ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.
ჩვენ ვთვლით, რომ ხმაწართმეულ ხალხს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ტირანებს.
პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!
ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება". – წერია მანიფესტში.
დაჯგუფება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს უზურპატორის თანამზრახველებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა მაღალჩინოსანს, რომელიც ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის. ისინი ემუქრებიან სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღს არ დაყრიან, გაანადგურებენ.
"ჩვენ გვახსოვს სახლების აფეთქება, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს არცერთ ჯოჯოხეთურ ქმედებაზე და ვაცხადებთ: ჩვენ ვატარებთ აქციებს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ არ დავესხმებით თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს და თუკი პუტინის ძალოვანები ამას გააკეთებენ და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერენ, მათ არ დაუჯეროთ.
ჩვენ მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, შეწყვიტონ ჩვენი ძმების დახვრეტა სხვა ქვეყნებშიც – საქართველოში, სირიასა, თუ სხვაგან". – წერია მანიფესტში.
ეროვნული რესპუბლიკური არმია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ მათ ამ ბრძოლაში ყველა საშუალებით.
ილია პონომარიოვი რუსი პოლიტიკოსი და დუმის ყოფილი დეპუტატია. ის 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს. პონომარიოვის პლატფორმა Утро Февраля რუსეთის უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და ანტისაომარ კამპანიას აწარმოებს.
20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.
მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა და გამოცემის ცნობით, აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
უკრაინის ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინი კრემლის ულტრა მემარჯვენე პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.
რუსეთის სამთავრობო მედია Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.