რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

სტოლტენბერგი: უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა იქნება

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შეხვედრის უპირველესი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვით უზრუნველყოფა იქნება. 

"დღეს შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ბატონ რეზნიკოვს და NATO-ს მოკავშირეების გზავნილი იქნება ის, რომ ჩვენ ერთგული ვართ უკრაინის დახმარების მიმართ, მზად ვართ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის, სადამდეც საჭირო იქნება. შეხვედრა იქნება ბატონ რეზნიკოვთან, აშშ-ს გაძღოლილ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში, ასევე იქნება NATO-ს მინისტრებთან ერთად სადილიც, სადაც განვიხილავთ როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა იქნება". – აღნიშნა სტოლტენბერგმა მედიასთან, შეხვედრის დაწყებამდე. 

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყდა.

იერიშების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდა. ამას გარდა, პენტაგონში გამოაცხადეს, რომ უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დააჩქარებდნენ.

ასევე, მასშტაბური იერიშების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოეს დღეებში ბერლინისგან IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის 4 სისტემებს მიიღებდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა 12 ოქტომბერს თქვა, რომ IRIS-T-ს სისტემები უკრაინაში ჩავიდა.

კომენტარები